ისმაილ ბაღაი – რეგიონის ქვეყნებმა გააცნობიერეს, რომ უსაფრთხოების შეძენა არაკეთილსინდისიერი შუამავლებისგან შესაძლებელი არ არის

16:15, 10.08.2026

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, ისმაილ ბაღაის განცხადებით, რეგიონის ქვეყნებმა გააცნობიერეს, რომ უსაფრთხოების „შეძენა არაკეთილსინდისიერი შუამავლებისგან“ შესაძლებელი არ არის.

„გასული ორი-სამი წლის მოვლენების გათვალისწინებით, რეგიონის ქვეყნებმა გააცნობიერეს, რომ უსაფრთხოება არ წარმოადგენს საქონელს, რომლის შესყიდვაც არაკეთილსინდისიერი შუამავლებისგანაა შესაძლებელი“, – განაცხადა ბაღაიმ.

მისივე თქმით, თეირანს არანაირი საფუძველი არ აქვს, შეშფოთებული იყოს პაკისტანს, თურქეთსა და საუდის არაბეთს შორის გაფორმებული უსაფრთხოების პაქტის გამო. ბაღაის განცხადებით, შეთანხმება მოწმობს რეგიონის ქვეყნების მიდგომის ცვლილებას უსაფრთხოების საკითხისადმი.

ცნობისთვის, აღნიშნულმა ქვეყნებმა გასულ კვირას შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომელიც თავდასხმის შემთხვევაში მოკავშირეების მიერ ერთმანეთისთვის დახმარების გაწევას ითვალისწინებს. დახმარების ფორმატს ისინი კონკრეტულ სიტუაციაში თავად განსაზღვრავენ.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა განაცხადა, რომ ახალი ალიანსი ირანის ან სხვა ქვეყნის წინააღმდეგ არ არის მიმართული, ის მხოლოდ უსაფრთხოების ხელშეწყობის ზოგადი ვალდებულებაა.

მსგავსი