ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ მოსახლეობა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებას მხარს უჭერს
ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ მოსახლეობა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებას მხარს უჭერს

ისლანდიის მოსახლეობა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებას მხარს უჭერს. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტორგერდურ კატრინ გუნარსდოტირმა ისლანდიაში ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის ვიზიტის წინ განაცხადა.

გუნარსდოტირის თქმით, ისლანდიის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლება, გეოპოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„ვიტყოდი, რომ მოლაპარაკებების განახლებას მოსახლეობის მხარდაჭერა აქვს“, – განაცხადა ისლანდიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

როგორც „პოლიტიკო“ წერს, წლის დასაწყისში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ისლანდიის მოქალაქეების 58% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებას, თუმცა ისლანდიის ევროკავშირში წევრობის მომხრე 45%-ია, 35% ამის წინააღმდეგია, ხოლო 20% თავს იკავებს პასუხისგან.

ცნობისთვის, ისლანდიის კოალიციურმა მთავრობამ 2024 წლის დეკემბერში განაცხადა, რომ აპირებს, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე რეფერენდუმი ჩაატაროს.

ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ის ენდობა ისლანდიელ ხალხს, თუ მოსახლეობა რეფერენდუმზე ისლანდიის ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს.

ისლანდიამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი 2009 წელს შეიტანა, თუმცა მოლაპარაკებები, რეიკიავიკის მოთხოვნით, 2015 წელს შეჩერდა. მაშინ ეს გადაწყვეტილება ისლანდიის ხელისუფლებამ ევროზონის წარუმატებლობით ახსნა.