ისლანდიის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი - ისლანდია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას
ისლანდიის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრი - ისლანდია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებას

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ, ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით და ისლანდიაში საქართველოს ელჩის, ნატა მენაბდის მონაწილეობით, შეხვედრა გამართა ისლანდიის საგარეო საქმეთა კომიტეტის წარმომადგენლებთან.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას საუბრის მთავარ თემას საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანება და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები წარმოადგენდა.

„საქართველო არის თავისუფალი და სუვერენული სახელმწიფო. როგორც საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებმა შეხვედრისას აღნიშნეს, საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტი, ხელისუფლება თუ ოპოზიცია, მხარს უჭერს საკუთარი ქვეყნის ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას. ეს არის ქართველი ერის არჩევანი, რაც ქვეყნის სუვერენიტეტის, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავისუფლების დაცვას უზრუნველყოფს. კარგად გვესმის საქართველოს ეს პოზიცია და მტკიცედ ვუჭერთ მას მხარს. ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირი მიიღებს საქართველოს გაწევრიანების გადაწყვეტილებას. საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება წაახალისებს ყველა იმ დასავლურ სახელმწიფოს, რომელსაც სურს, იბრძოლოს პუტინის აგრესიის წინააღმდეგ. ამავდროულად, ეს არის მკაფიო გზავნილი იმ პოლიტიკის წინააღმდეგ, რომელიც ახლა რუსეთისთვის ძალიან სიმბოლურია. რაც უფრო მეტნი ვიქნებით ნატო-სა თუ ევროკავშირში, მით უფრო ძლიერები ვიქნებით ერთად. ისლანდიას, როგორც ნატო-ს დამფუძნებელ ქვეყანას, შეუძლია, აიღოს მკაფიო ვალდებულება და ხელი შეუწყოს საქართველოს ნატო-ში დაუყოვნებლივ გაწევრიანებას. გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ისლანდია თავის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ნატო-ს ივნისის სამიტზე და საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით უპირობო მხარდაჭერას გამოხატავს. ბევრი რამ დგას სასწორზე“, – ნათქვამია ისლანდიის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრის, ტორგერდურ კატრინ გუნარსდოტირის „ფეისბუქის“ გვერდზე.