ისლანდიის პრემიერ-მინისტრი - რეიკიავიკის სამიტს სამი მიზანი აქვს, გამოვხატოთ მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, განვაახლოთ ვალდებულება ადამიანის უფლებების მიმართ, ვეცადოთ გლობალური გამოწვევების დაძლევა
ჩვენ არა სადღესასწაულოდ, არამედ ომის ღრუბლების ქვეშ ვართ შეკრებილები. რუსეთი ომი უკრაინის წინააღმდეგ არის ყველაზე მძიმე თავდასხმა ევროპაში მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, უზარმაზარი სამხედრო მსხვერპლის გარდა, ომს მოჰყვა ხოცვა-ჟლეტა, ძალადობა და მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვა, – ამის შესახებ ისლანდიის პრემიერ-მინისტრმა, კატრინ იაკობსდოტირიმ განაცხადა.
მისი თქმით, რეიკიავიკის სამიტს სამი ძირითადი მიზანი აქვს.
„მინდა, უკრაინელ ხალხს და პრეზიდენტ ზელენსკის ვუთხრა, ჩვენ პატივს ვცემთ წინააღმდეგობის გაწევის თქვენს გადაწყვეტილებას და ვაგრძელებთ თქვენ გვერდით დგომას. მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს თავის ძალები უკრაინიდან, როგორც პირველი ნაბიჯი ამ ომის დასრულებისკენ.
რეიკიავიკის სამიტს სამი ძირითადი მიზანი აქვს: პირველი, კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, მივიღოთ კონკრეტული ზომები ომის დანაშაულებზე პასუხისმგებლობის დასაკისრებლად; მეორე, განვაახლოთ ზოგადი თვალსაზრისით ჩვენი ვალდებულება ადამიანის უფლებების დემოკრატიული ღირებულებების მიმართ, რომელსაც ჩვენი საზოგადოებები ეფუძნება; დაბოლოს, ვეცადოთ მწვავე გლობალური გამოწვევების დაძლევა: კლიმატი, ტემპერატურის ზრდით გამოწვეული სტიქიური უბედურებები, საკვები, წყალი, ეკონომიკური შეფერხებები და ომები“, – განაცხადა კატრინ იაკობსდოტირიმ.
ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მე-4 სამიტი რეიკიავიკში დღეს გაიხსნა. სამიტში საქართველოს პრემიერ-მინისტრიც მონაწილეობს.