ისლანდიის პარლამენტმა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების დასაწყებად რეფერენდუმის ჩატარებას დაუჭირა მხარი, რეფერენდუმი 29 აგვისტოს ჩატარდება
ისლანდიის პარლამენტმა ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად რეფერენდუმის ჩატარებას დაუჭირა მხარი. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, რეფერენდუმი ქვეყანაში 29 აგვისტოს გაიმართება.
პარლამენტის გენერალური მდივნის თქმით, ისლანდიის 63-ადგილიან ეროვნულ პარლამენტში, ალთინგში, 34-მა წევრმა ხმა რეფერენდუმის ჩატარებას მისცა, რვა წევრმა მხარი არ დაუჭირა, 14-მა კი თავი შეიკავა. შვიდ პარლამენტარს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.
მედიის ცნობით, ისლანდიის მთავრობის გეგმა ორეტაპიანია. თუ ამომრჩევლები მოლაპარაკებების განახლებას დაუჭერენ მხარს, ევროკავშირში გაწევრიანების საბოლოო პირობებზე მეორე რეფერენდუმის გამართვა გახდება საჭირო. პირველივე რაუნდში თუ მოქალაქეთა უმეტესობა მხარს არ დაუჭერს წინადადებას, მაშინ მოლაპარაკებების განახლების მცდელობა დასრულდება.
ცნობისთვის, 2013 წელს რეიკიავიკმა ევროკავშირში გასაწევრიანებლად ოთხწლიანი მოლაპარაკებების მას შემდეგ შეწყვიტა, რაც ქვეყნის ხელისუფლებაში ევროსკეპტიკოსი მთავრობა მოვიდა. თუმცა, ბოლო პერიოდის საზოგადოებრივი გამოკითხვების თანახმად, ცხოვრების ხარჯების ზრდამ და უკრაინაში ომმა კავშირში გაწევრიანების ინტერესი ისლანდიელებში ხელახლა გააღვივა.