ისლანდიაში თავშესაფარს ყველაზე ხშირად საქართველოს მოქალაქეები ითხოვენ
ისლანდიაში თავშესაფარს ყველაზე ხშირად საქართველოს მოქალაქეები ითხოვენ

ისლანდიაში თავშესაფარს 2017 წელს ყველაზე ხშირად საქართველოს მოქალაქეები ითხოვენ. მონაცემები ქვეყნის საიმიგრაციო სამსახურის საიტზეა გამოქვეყნებული.

თუ 2016 წელს ისლანდიას შესაბამისი განაცხადით საქართველოს მხოლოდ 42-მა მოქალაქემ მიმართა, მიმდინარე წლის 11 თვეში ეს მაჩვენებელი 286-მდე გაიზარდა და საქართველო რეიტინგში პირველ ადგილზეა. მეორე პოზიციაზეა ალბანეთი, საიდანაც განაცხადების რიცხვი წელს 251-ს შეადგენს.

თავშესაფარზე განაცხადების რაოდენობა საქართველოს მოქალაქეების მხრიდან მაისის შემდეგ გაიზარდა. თუ მიმდინარე წლის ხუთ თვეში 22 შემთხვევა დაფიქსირდა, ივნისში უკვე 40, ივლისში 64, აგვისტოში 89, სექტემბერში 39, ოქტომბერში 18, ნოემბერში 14.

აღსანიშნავია ისიც, რომ დადებითი გადაწყვეტილება მხოლოდ სამ განაცხადზეა მიღებული. 53 შემთხვევაში კი, განხილვის შედეგად, საქართველოს მოქალაქეებმა თავშესაფარზე უარი მიიღეს.
ზაფხულში ისლანდიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. შესაბამისად, თავშესაფარზე უარის თქმა საიმიგრაციო სამსახურს განაცხადის განხილვის გარეშე შეუძლია.