ისლანდიაში თავშესაფარი იანვარში საქართველოს ექვსმა მოქალაქემ მოითხოვა
ისლანდიაში თავშესაფარი იანვარში საქართველოს ექვსმა მოქალაქემ მოითხოვა

ისლანდიაში თავშესაფარი მიმდინარე წლის იანვარში, საქართველოს ექვსმა მოქალაქემ მოითხოვა, მათ შორის ხუთი მამაკაცი და ერთი ქალია.  ამასთან, ქვეყნის საიმიგრაციო სამსახურმა საქართველოს მოქალაქეთა 15 მიმართვა განიხილა და ყველა საქმეზე უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაცია ამის შესახებ, უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ამავე უწყების მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ისლანდიაში თავშესაფრის მოთხოვნა 2017 წელს მკვეთრად გაიზარდა. თუ 2016 წელს აღნიშნულთან  დაკავშირებით, შესაბამის სამსახურში 42 განცხადება შევიდა, შარშან თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვმა 289-ს მიაღწია.

ყველაზე მეტი მიმართვა ივნისიდან სექტემბრის ჩათვლით დაფიქსირდა. თუმცა მას შემდეგ, რაც ისლანდიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა და განცხადებების უმრავლესობაზე უარყოფითი პასუხები დააფიქსირა, ნოემბრიდან მიმართვებმა იკლო.

ევროკავშირის საბჭოს სავიზო ჯგუფის შეხვედრაზე, რომელიც მიმდინარე წლის იანვარში ბრიუსელში გაიმართა, საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა მაჩვენებლის მატებაზე საკითხი შვედეთმა და ისლანდიამ დააყენეს.