ისლანდიაში ჩასულ ტურისტებს „კოვიდ-19“-ზე ტესტი უფასოდ ჩაუტარდებათ
ისლანდიაში ჩასულ ტურისტებს „კოვიდ-19“-ზე ტესტი უფასოდ ჩაუტარდებათ

ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 ივნისიდან ისლანდიაში ჩასულ მგზავრებს ორკვირიან კარანტინსა და „კოვიდ-19“-ზე ტესტირების უფასოდ ჩატარებას შორის არჩევანის გაკეთება შეეძლებათ.

პირველი ორი კვირის განმავლობაში ტესტები ყველასთვის უფასო იქნება, ხოლო პირველი ივლისიდან ტესტის ჩატარება 15 000 ისლანდიური კრონა (110 დოლარი) ეღირება.

კორონავირუსზე დადებითი პასუხის შემთხვევაში მგზავრებს ორკვირიანი სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ. 2005 წლის შემდეგ დაბადებული ბავშვებისთვის ტესტირების გავლა საჭირო არ იქნება.

საერთაშორისო აეროპორტებში ჩასულ მგზავრებს ტესტის ჩატარება უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში შეეძლებათ.

ჩამოსვლისას ყველა მგზავრი ვალდებული იქნება, შეავსოს რეგისტრაციის ფორმა და გადმოწეროს აპლიკაცია, რომელიც „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული პირების კონტაქტების მოძიებისთვის გამოიყენება.