„ისლამური სახელმწიფოს“ წევრებმა სირიის უდაბნოში 35 ადამიანი მოკლეს
„ისლამური სახელმწიფოს“ წევრებმა სირიის უდაბნოში 35 ადამიანი მოკლეს

„ისლამური სახელმწიფოს“ წევრებმა სირიის უდაბნოში 35 ადამიანი მოკლეს. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება. გავრცელებული ცნობით, დაღუპულები პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის არმიის წარმომადგენლები იყვნენ. თავდასხმები დაირ ელ-ზავრის და ჰომსის პროვინციებში არსებულ უდაბნოებში მოხდა.

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ცნობა, რომ სოფელ ბაღუზზე იერიშის შემდეგ ტერორისტული დაჯგუფების რამდენიმე ათეულმა წევრმა უდაბნოებს შეაფარა თავი.

სოფელი ბაღუზი და მისი მიმდებარე ტერიტორია ქურთმა მებრძოლებმა „ისლამური სახელმწიფოსგან“ რამდენიმე კვირის წინ გაათავისუფლეს.

ბაღუზი ტერორისტული დაჯგუფების წევრების მიერ დაკავებული უკანასკნელი ტერიტორია იყო, თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ „ისლამურ სახელმწიფოზე“ ტერიტორიული გამარჯვება მათ სრულ დამარცხებას არ ნიშნავს.