„ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ – ახალი ომის დაწყების შემთხვევაში ირანი უფრო დამანგრეველ იარაღს გამოიყენებს
ახალი ომის დაწყების შემთხვევაში ირანი უფრო დამანგრეველ იარაღს გამოიყენებს, – ამის შესახებ „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ პრესსპიკერმა, ბრიგადის გენერალმა მოჰსენ მოჰებიმ განაცხადა.
ირანელი სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, ირანის რაკეტებში გამოყენებული ქობინები გაცილებით დამანგრეველია, ვიდრე წინა ომებში გამოყენებული ქობინები და ირანის იარაღი ყველა ასპექტით „სრულიად განსხვავებული“ იქნება, თუ კიდევ ერთი ომი დაიწყება.
მანამდე „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ პრესსპიკერმა უარყო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადება, რომ ვაშინგტონი კორპუსის წარმომადგენლებთან არაოფიციალურ მოლაპარაკებებს აწარმოებს.
„ტრამპის გონებრივი ფანტაზიები მას ბრძოლის ველზე ვერ დაეხმარება“, – თქვა მოჰებიმ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტისთვის ერთადერთი რეალური ვარიანტი დამარცხების აღიარება და ირანის მიერ წაყენებული პირობების შესრულებაა.