ისანში მანქანის ნაწილების ბაზრობის მოვაჭრეები გაიფიცნენ
ისანში მანქანის ნაწილების ბაზრობის მოვაჭრეები გაიფიცნენ

ისანში მანქანის ნაწილების ბაზრობის მოვაჭრეები გაიფიცნენ. მოვაჭრეები ქირის ლარში გადახდასა და გადასახადის საფასურის დაწევას ითხოვენ.

აქციის მონაწილეების თქმით, მათ ხელშეკრულება დოლარში აქვთ გაფორმებული, თუმცა ლარის გაუფასურების შემდეგ ისინი გადასახადებს ვეღარ იხდიან. მოვაჭრეები აღნიშნულთან დაკავშირებით ბაზრობის მფლობელი კომპანიის „ტრანსერვისის“ წარმომადგენლებს უკვე შეხვდნენ თუმცა, მათი განცხადებით, შეთანხმებას ჯერ ვერ მიაღწიეს.

ტრანსერვისის” გენერალური დირექტორის, ბექა მახარაძის განცხადებით, კომპანიას საბანკო ვალდებულება აქვს აღებული და მოვაჭრეებისთვის გადასახადის შემცირება მას დააზარალებს.

მისი თქმით, კომპანიამ რამდენიმე მოვაჭრეს მაღაზია დავალიანების გამო დაუხურა, თუმცა მათ ბოქლომები გატეხეს და ტერიტორიაზე საქმიანობა მაინც გააგრძელეს.

„თავიდანვე, როცა ეს ბაზრობა გავხსენით, იყო დაფიქსირებული პოზიცია, რომ კომპანიას ბანკიდან სერიოზული თანხები აქვს აღებული და პრობლემა რომ არ შექმნოდა კომპანიას, თავიდანვე გადაწყდა, დოლარში დაფიქსირებულიყო ხელშეკრულება. კანონმდებლობით დაშვებულია. ტარიფი არ შეცვლილა, მარა გაძვირდა, იქიდან გამომდინარე, რომ ლარი გაძვირდა. ასევე, აქ ინდმეწარმეთა 50-კაციანი ჯგუფია, რომლებიც 2017 წელს ხანძრის გამო დაზარალდნენ. ეს ადამიანები 150 დოლარის ნაცვლად იხდიან 100 დოლარს და კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივდათ საშეღავათო პერიოდი. ამ საუბრის შემდეგ მაინც ითხოვენ თანხის დაკლებას. მათი მოთხოვნები რომ დავაკმაყოფილოთ, კომპანია ადრე თუ გვიან დაიხურება კრიზისის გამო“, – აცხადებს კომპანიის დირექტორი.

ბექა მახარაძე ამბობს, რომ ის პრობლემის მოგვარების გზებზე პარტნიორებთან ერთად კიდევ იმსჯელებს.