სანდრო რაქვიაშვილი - თაკო ჩარკვიანმა ხომ ააწიოკა პარლამენტი, ახლა შალვა ნათელაშვილიც დაემატება და უფრო კარგი სამუშაო გარემო გვექნება
სანდრო რაქვიაშვილი - თაკო ჩარკვიანმა ხომ ააწიოკა პარლამენტი, ახლა შალვა ნათელაშვილიც დაემატება და უფრო კარგი სამუშაო გარემო გვექნება

იმედი მქონდა, რომ შალვა ნათელაშვილი არ მოიქცეოდა, როგორც ჩვეულებრივი პოლიტიკოსი და რასაც იტყოდა, იმას შეასრულებდა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა „ლეიბორისტული პარტიის“ მიერ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

მისივე თქმით, საქმისადმი ასეთი მიდგომა მოსაწონი არ არის.

„ბევრი გარემოებაა. პირადად მე, არ მაწყობდა შალვას ასეთი გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში, იმედი მქონდა, რომ არ მოიქცეოდა ის, როგორც ჩვეულებრივი პოლიტიკოსი და რასაც იტყოდა, იმას შეასრულებდა. მაგრამ, როგორც ჩანს, როგორც მოსულა პოლიტიკაში, ერთს ამბობდა, მეორეს აკეთებდა – ასე ხდება.

რაც შეეხება აწიოკებას – თაკო ჩარკვიანმა ხომ ააწიოკა ისედაც პარლამენტი, ახლა შალვა ნათელაშვილიც დაემატება და უფრო კარგი სამუშაო გარემო გვექნება. ცხადია, ამ ხალხის უკან პირდაპირ თუ ირიბად ვიღაც მოქალაქეები დგანან, ვისაც ეს ყველაფერი მოსწონს. თუ ადამიანებს მოსწონთ საქმისადმი ასეთი მიდგომა, მაშინ რას იზამ. ესეც პარლამენტია, გარკვეული რეპრეზენტაცია იქნება ჩვენი მოქალაქეების პრეფერენციების. თავიდან მე და იაგო დავნიძლავდით, რომ თაკო ჩარკვიანი და შალვა ნათელაშვილი, ის პოლიტიკოსები, რომლებსაც საჯაროდ ყველაზე მეტი პრეტენზია აქვთ პატიოსნებაზე, შეასრულებდნენ თუ არა თავის სიტყვას. იაგო სკეპტიკურად იყო განწყობილი, მე პირიქით, მინდოდა, დამეჯერებინა ამ ხალხისთვის. როგორც აღმოჩნდა, იაგომ მოიგო, მე წავაგე და მომიწევს დიეტის დარღვევა.

ტრაგიკომიკური სიტუაციაა, როცა პოლიტიკოსები პარლამენტში შესვლა-არშესვლას გმირობად მიიჩნევენ და ზოგადად, ამაზე დისკუსია მიმდინარეობს მთელი წელი. უბრალოდ რაღაცნაირად მართლა დასაცინი გავხდით, გარედან რომ გვიყურებენ. მათ შორის, როცა ვსაუბრობთ დიპლომატებთან. დიპლომატი კეთილად თუ არის განწყობილი, ის წუხილით საუბრობს ამაზე, თუ ნეიტრალურია, უბრალოდ დაგვცინის იმაზე, რომ ჩვენთან პარლამენტარი გმირია, თუ არ შევიდა, ან გმირია, თუ შევიდა პარლამენტში. ვიღაცას შარლ მიშელი სჭირდება, რაღაც კანონპროექტი და ასე შემდეგ, რომ პარლამენტში შემოვიდეს. ნუთუ შეიძლება, ამდენი ხანი ეს სერიოზული დისკუსიის საგანი იყოს“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტში შესვლის საკითხზე პარტიაში მსჯელობენ. „ახლა მიდის პარტიაში მსჯელობა, ხომ არ შევიდეთ პარლამენტში და ავაწიოკოთ​“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.