ისააკ ჰერცოგის განცხადებით, 4 სექტემბერს ვატიკანში რომის პაპის მიწვევით ჩავა, ვატიკანში კი აცხადებენ, რომ ისინი პრეზიდენტებს მიწვევას არ უგზავნიან
ისრაელის პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმა განაცხადა, რომ 4 სექტემბერს რომის პაპს, ლეო XIV-ს მისი მიწვევით ვატიკანში შეხვდება.
მოგვიანებით, ვატიკანმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ისინი პრეზიდენტებს მიწვევას არ უგზავნიან.
„წმინდა საყდრის პრაქტიკაა, დააკმაყოფილოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მიერ პაპთან შეხვედრის თხოვნები. მათთვის მიწვევების გაგზავნა პრაქტიკაში არ გვაქვს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ისრაელის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ისააკ ჰერცოგი და რომის პაპი ლეო XIV შეხვედრისას ღაზაში დაკავებული მძევლების დაბრუნების უზრუნველყოფის ძალისხმევას, ანტისემიტიზმის წინააღმდეგ ბრძოლასა და ახლო აღმოსავლეთში ქრისტიანული თემების დაცვას განიხილავენ.
ამასთან, როგორც „როიტერი“ წერს, რომის პაპი ლეო XIV 4 სექტემბერს – ისრაელის პრეზიდენტს, ხოლო 5 სექტემბერს პოლონეთის პრეზიდენტს, კაროლ ნავროცკის შეხვდება.