ირმის ნახტომში უიშვიათესი სახის მოხეტიალე შავი ხვრელი დააფიქსირეს
ირმის ნახტომში უიშვიათესი სახის მოხეტიალე შავი ხვრელი დააფიქსირეს

მეცნიერებმა სავარაუდოდ დააფიქსირეს უიშვიათესი, იუპიტერის ზომის შავი ხვრელი, რომელიც ირმის ნახტომში უმისამართოდ დაეხეტება.

რა თქმა უნდა, ასტრონომები შავ ხვრელებს პირდაპირ ვერ ხედავენ, თუმცა, ერთ-ერთი კოსმოსური ღრუბლის სტრუქტურის კვლევამ გამოავლინა უცნაური ქცევა, რომელიც შესაძლოა, სწორედ ასეთი უხილავი ობიექტის მიერ იყოს გამოწვეული. კვლევა ჩილეში განთავსებული უმძლავრესი რადიოტელესკოპის, ALMA-ს გამოყენებით ჩატარდა.

კვლევის ავტორის, იაპონიის ეროვნული ასტრონომიული ობსერვატორიის მეცნიერის, შუნია ტაკეკავას განცხადებით, როდესაც მან ALMA-ს მონაცემები შეამოწმა, გაოცებული დარჩა, რადგან გაზში შეინიშნებოდა აშკარა ორბიტული მოძრაობები, რაც ძლიერ მიუთითებდა, რომ იქ მასიური, უხილავი ობიექტი იმალება.

2018 წლის მაისში, ორდღიანი შუალედით, ტაკეკავამ და მისმა ჯგუფმა ტელესკოპ ALMA-ს საშუალებით გაზის ორი ღრუბელი შეისწავლა. ამ პერიოდში მათ შენიშნეს, რომ გაზი უცნაურად მოძრაობდა, თითქოს რაღაც ცენტრის გარშემო ბრუნავდა.

მოძრაობების საფუძველზე ჯგუფმა გამოთვალა, რომ ამ მოძრაობათა შუაგულში, დაახლოებით იუპიტერის ზომის ობიექტში თავმოყრილია 30 000 ჩვენი მზის მასა. მისი მახასიათებლები, ასევე ის ფაქტი, რომ ამ ადგილიდან სინათლე არ გამოდის, მიუთითებს, რომ ყველაფერში დამნაშავეა საშუალო ზომის შავი ხვრელი.

მეცნიერთა აზრით, სამყაროში საკმაოდ უხვად არის ციცქნა და სუპერმასიური შავი ხვრელები, მაგრამ არც თუ ისე ბევრია საშუალო ზომის შავი ხვრელები. აღსანიშნავია ისიც, რომ ასტრონომებმა ასეთი, საშუალო ზომის ორი შავი ხვრელი წარსულში ირმის ნახტომის ცენტრის სიახლოვესაც შენიშნეს. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, სამივე მათგანი ჩვენი გალაქტიკის ცენტრში მდებარე გიგანტურ, სუპერმასიურ შავ ხვრელს გამოექცა.

მომზადებულია space.com-ის მიხედვით.