ირმა ნადირაშვილი - საზოგადოება არ შეარჩენს ბიძინა ივანიშვილს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი დაპირება არ შეასრულა
ირმა ნადირაშვილი - საზოგადოება არ შეარჩენს ბიძინა ივანიშვილს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი დაპირება არ შეასრულა

ეს ყველაფერი იყო ბიძინა ივანიშვილის სპექტაკლი და წარმოჩენილი ისე, თითქოს მას მაჟორიტარები არ ემორჩილებიან, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა, ირმა ნადირაშვილმა განაცხადა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაზე ჩავარდნასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ეს არის საზოგადოების შეურაცხყოფა.

„ამ ვერსიის შეთავაზება ქართული საზოგადოებისთვის არის პირდაპირ შეურაცხყოფა. ბიძინა ივანიშვილი თვლის, რომ ზუსტად ახლაა უკან დახევისა და დარევერსების დრო იმ გადაწყვეტილებისა, რაც მან მიიღო 20 ივნისს, აქციების დროს. ის თვლის, რომ ქუჩაში ახლა ადამიანები არ დგანან. რატომაც არა, დაითვალა „ქართულმა ოცნებამ“, მიხვდა, რომ პროპორციული სისტემით 2020-ში ვერ მოიგებენ და მას ურჩევნია, ახლა იყოს კრიზისი, ვიდრე 2020-ში დაკარგოს ძალაუფლება“, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

კითხვაზე, აპირებენ თუ არა ქუჩაში, აქციებზე გასვლას, ოპოზიციონერი დეპუტატი ამბობს, რომ შემდგომ მოქმედებებზე სხვა პარტიებთან კონსულტაციებია საჭირო.

„ახალ რეალობაში გავიღვიძეთ. უნდა დავსხდეთ და ძალიან კარგად გავიაროთ, რა მოხდა და საერთოდ რა არის გამოსავალი, მათ შორის სხვა პარტიებთან კონსულტაციები უნდა იყოს აუცილებლად, მაგრამ სხვა რა გზა დაგვიტოვა ბიძინა ივანიშვილმა, მე ცოტა ვერ ვხვდები, რადგან ეს არის ჩვეულებრივად ძალაუფლების მიტაცება და ეს არის წითელი ხაზების გადაკვეთა. დაჩი ბერაიას რევოლუციის თუ ვინმეს გჯერათ „ქართული ოცნების“ შიგნით“, – განაცხადა ნადირაშვილმა.

მისი თქმით, პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დაპირება ბიძინა ივანიშვილმა ყველას ამომრჩეველს მისცა.

„ეს დაპირება, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა იქნებოდა 2020 წელს, ბიძინა ივანიშვილმა მისცა ირმა ინაშვილის ამომრჩეველსაც და ჩვენს ამომრჩეველსაც. თუ ირმა ინაშვილის ამომრჩეველი შეურაცხყოფილად ჩათვლის თავს და გარეთ გამოვა და ჩვენი ამომრჩეველიც შეურაცხყოფილად მიიჩნევს თავს და გარეთ გამოვა, რა უნდა ვუთხრათ, რომ მოდი არ გავაპროტესტოთ ეს ამბავი?“ – აღნიშნა ნადირაშვილმა.

ამასთან, კითხვაზე, როგორ წარმოუდგენია ორი სხვადასხვა საგარეო პოლუსის პარტიის ერთად დგომა, დეპუტატი ამბობს, რომ წარმოუდგენია.

„ძალიან კარგად წარმომიდგენია. ეს არ არის ერთიანი სია, ეს არ არის კოალიცია, ინაშვილის, ჩვენი, „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლისგან. ამ საზოგადოებამ უნდა გასცეს პასუხი ტყუილზე. მოგვატყუა ბიძინა ივანიშვილმა ჩვეულებრივად. ჩვენ პასუხი უნდა გავცეთ ტყუილზე. მაქვს მოლოდინი, რომ საზოგადოება არ შეარჩენს ბიძინა ივანიშვილს აქ მართლა ჩრდილო კორეის გამოცხადებას და არ შეარჩენს, რომ თავისი დაპირებები, ძალიან მნიშვნელოვანი, არ შეასრულა და უბრალოდ გადააგდო საზოგადოება“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დეპუტატმა, ირმა ნადირაშვილმა.