ირმა ნადირაშვილი - სალონიკის 37-ე უბნის თავმჯდომარე, რომელმაც განაცხადა, რომ დავით ბაქრაძემ კანდიდატურა მოხსნა, საარჩევნო პროცესს უნდა ჩამოშორდეს
ირმა ნადირაშვილი - სალონიკის 37-ე უბნის თავმჯდომარე, რომელმაც განაცხადა, რომ დავით ბაქრაძემ კანდიდატურა მოხსნა, საარჩევნო პროცესს უნდა ჩამოშორდეს

„ევროპული საქართველოს“, წარმომადგენლის, დეპუტატ ირმა ნადირაშვილის ინფორმაციით, ბოლნისში 54-ე საარჩევნო უბანზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რომლის ინიციატორი ადგილობრივი საკრებულოს დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ იმრან გასუმოვი იყო.

ნადირაშვილის თქმით, გასუმოვი ფიზიკურად გაუსწორდა „ქართული ოცნების“ კოორდინატორს, სენან ხალილოვს.

„ადგილზე გამოძახებულია პოლიცია. ამ საქმეში მონაწილეობენ ჩვენი წარმომადგენლები ცენტრალური ოფისიდან და პოლიციისგან სწრაფ რეაგირებას მოვითხოვთ, რომ არ იყოს უმართავი პროცესები და არჩევნები მიმდინარეობდეს დემოკრატიული ჩარჩოს ფარგლებში“, – აღნიშნა ნადირაშვილმა.

მისი თქმით, მეორე შემთხვევა სალონიკში, N37-ე უბანზე დაფიქსირდა.

„მეორე შემთხვევა, რომელიც ძალიან სერიოზულია, მოხდა სალონიკში N37-ე უბანზე, სადაც ამ უბნის თავმჯდომარე ქეთევან გონგაძემ გამოაცხადა, რომ დავით ბაქრაძემ მოხსნა კანდიდატურა და სადემონსტრაციო ოქმში მისი კანდიდატურა გადახაზა. ცესკო-მ სასწრაფოდ უნდა მიიღოს ზომების ამ საკითხზე. ასევე მიგვაჩნია, რომ  ქეთევან გონგაძე უნდა ჩამოშორდეს საარჩევნო პროცესს“,- განაცხადა ნადირაშვილმა.

ამასთან, დეპუტატის თქმით, დარღვევა დაფიქსირდა ახალქალაქის მეორმოცე ოლქში, 32-ე და 46-ე უბნებზე.

„ამ ოლქში სერიოზულ დარღვევას აქვს ადგილი, ამომრჩევლები ხმას აძლევენ საბუთების, პირადობის დამადასტურებელი მოწმობების გარეშე. ჩვენი დამკვირვებლების არაერთი მოწოდების მიუხედავად, ამ დროისთვის, ისევ მიმდინარეობს საბუთების წარდგენის გარეშე ხმის მიცემა. ცესკო-მ ზომები უნდა მიიღოს, რადგან ეს ფაქტი მნიშვნელოვანი დარღვევაა“, – განაცხადა ნადირაშვილმა.