ირმა ნადირაშვილი - ეს არჩევნები იყო კრიმინალისა და ხელისუფლების შერწყმა
ირმა ნადირაშვილი - ეს არჩევნები იყო კრიმინალისა და ხელისუფლების შერწყმა

„ევროპული საქართველოს” წევრი ირმა ნადირაშვილი მთაწმინდის საარჩევნო უბნებზე მყოფ დამკვირვებლებს მიმართავს და მოუწოდებს, ხმის დათვლის პროცესს მაქსიმალური ყურადღებით დააკვირდნენ, რათა არ მოხდეს „მოგონილი მიზეზებით ბიულეტენების გაბათილება”.

„დღეს „ქართულმა ოცნებამ” კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მას არჩევნების ბედის გადაწყვეტა უნდა არა საარჩევნო უბანზე, არამედ, კრიმინალების მობილიზებით, შანტაჟით, მოსყიდვით და მოქრთამვით. ეს არის „ოცნების” სტილი.

დიდი იმედი მაქვს, მთაწმინდის ამომრჩეველი არ დაემორჩილა ზეწოლას და ამომრჩევლებს, როდესაც ისინი დარჩნენ საარჩევნო უბნებთან, ჰქონდათ საშუალება, არჩევანი გაეკეთებინათ საკუთარი სინდისის კარნახით. ეს არჩევანი უსამართლობასა და სამართლიანობას შორის იყო. ეს იყო კრიმინალისა და ხელისუფლების შერწყმა და ამის საშულებით არჩევნების ჩატარება. ჩვენს ყველა წარმომადგენელს, დამკვირვებელს, კომისიის წევრს მოვუწოდებ, საარჩევნო უბნებზე მაქსიმალურად მიაქციონ ყურადღება, რომ ხმების დათვლა მოხდეს სამართლიანად, არ მოხდეს ბიულეტენების გაბათილება მოგონილი მიზეზებით”, – განაცხადა ირმა ნადირაშვილი.

თბილისში, N1 მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემის პროცესი დასრულებულია. არჩევნები 31 საარჩევნო უბანზე ჩატარდა, სადაც ჯამში 43 909 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.

დღევანდელ არჩევნებში ორი კანდიდატი მონაწილეობდა: N13 შალვა შავგულიძე – „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“ და N41 ვლადიმერ კახაძე – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“.