ირმა ნადირაშვილი - ჩემთვის არანაირი განსხვავება არ არის თალაკვაძესა და კობახიძეს შორის
ირმა ნადირაშვილი - ჩემთვის არანაირი განსხვავება არ არის თალაკვაძესა და კობახიძეს შორის

ჩემთვის არანაირი განსხვავება არ არის თალაკვაძესა და კობახიძეს შორის, – ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს” წევრი ირმა ნადირაშვილი ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებას თანამდებობიდან გადადგომის შესახებ და პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციაზე არჩილ თალაკვაძის კანდიდატურის დასახელებას.

ირმა ნადირაშვილის თქმით, კობახიძის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი გუშინ უნდა დამდგარიყო, დღეს კი ეს დაგვიანებული და არაადეკვატურია.

„ჩემთვის არანაირი განსხვავება არ არის თალაკვაძესა და კობახიძეს შორის. ისინი ნამდვილად არცერთი არ არის დამოუკიდებელი ფიგურა, ისინი ასრულებენ ბიძინა ივანიშვილის ნებას, როგორი უკანონოც არ უნდა იყოს და ჩვენ ვნახეთ გუშინდელ ღამეს. გუშინ უნდა დამდგარიყო პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი კობახიძის, დღეს ეს დაგვიანებული და არაადეკვატურია. გუშინდელ გავრილოვის ღამის შემდეგ შს მინისტრი, ბატონი გახარია ვერ დარჩება თავის თანამდებობაზე და შემდგომი მოთხოვნა პროპორციული არჩევნებია“, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს. როგორც „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში განაცხადა, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ „ქართული ოცნების” მიერ დამკვიდრებული მაღალი სტანდარტის ანგარიშვალდებულების კიდევ ერთი გამოხატულებაა.

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციაზე საპარლამენტო უმრავლესობა მხარს არჩილ თალაკვაძის კანდიდატურას დაუჭერს.