ირმა ნადირაშვილი - არ შეიძლება, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები საკომიტეტო მოსმენისას არ განვიხილოთ და სახალხო დამცველი უკან მიდევნებული ლამპარი იყოს
ირმა ნადირაშვილი - არ შეიძლება, ვენეციის კომისიის რეკომენდაციები საკომიტეტო მოსმენისას არ განვიხილოთ და სახალხო დამცველი უკან მიდევნებული ლამპარი იყოს

ოპოზიციონერი დეპუტატის, ირმა ნადირაშვილის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს მართვის სადავეები ხელიდან აქვს გაქცეული, რისი ნათელი დასტურიც „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის განხილვის პროცესია.

როგორც ჟურნალისტებს ნადირაშვილმა განუცხადა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მთავრობის სურვილია, რომ ქართული მართლმსაჯულება ჩინჩალაძისა და მურუსიძის ხელში სამუდამოდ ჩააგდოს.

„ამ სურვილის სხდომათა დარბაზში გადატანას როგორ ცდილობდა ირაკლი კობახიძე, ეს დღეს ვნახეთ. უმრავლესობის წევრთა ნაწილისა და ოპოზიციის გაღიზიანება სწორედ ამან გამოიწვია. როგორც ჩანს, უმრავლესობაში მზაობა არ არის, რომ ეს საკითხი სხდომაზე გაიტანონ. ველოდები, რომ ხვალ პარლამენტის თავმჯდომარე პროცედურების დარღვევით ეცდება, ივანიშვილის გადაწყვეტილება თავს მთელ პარლამენტს მოახვიოს. არ შეიძლება, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები საკომიტეტო მოსმენისას არ განვიხილოთ და სახალხო დამცველი უკან მიდევნებული ლამპარი იყოს. ჯერ კანონპროექტი უნდა განვიხილოთ და სახალხო დამცველმა შენიშვნები შემდეგ უნდა გამოთქვას“, – განაცხადა ნადირაშვილმა.