ირმა ნადირაშვილი აცხადებს, რომ ვაზიანში გარდაბნის მერიის წარმომადგენელმა წინასაარჩევნო კამპანიაში ხელი შეუშალა
ირმა ნადირაშვილი აცხადებს, რომ ვაზიანში გარდაბნის მერიის წარმომადგენელმა წინასაარჩევნო კამპანიაში ხელი შეუშალა

რუსთავსა და გარდაბანში „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი ირმა ნადირაშვილი, ვაზიანში გარდაბნის მერიის წარმომადგენელს, ლევან მენახშირიშვილს წინასაარჩევნო საქმიანობაში ხელის შეშლაში ადანაშაულებს.

ირმა ნადირაშვილის განცხადებით, „ევროპული საქართველოს“ აქტივისტებს, რომლებიც კარდაკარ დადიოდნენ, მენახშირიშვილი ავტომობილით დაჰყვებოდა. მისივე თქმით, მოგვიანებით, მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა.

„ეს ინციდენტი მოხდა გარდაბნის რაიონის სოფელ ვაზიანში, სადაც ჩვენი შტაბის წარმომადგენლები იყვნენ ჩასულები და ავრცელებდნენ სააგიტაციო მასალას. იმ დროს, როდესაც ერთ-ერთ კორპუსთან იმართებოდა მცირე შეხვედრა ჩვენს აქტივისტებს აედევნა შავი ჯიპი. ჩვენი ინფორმაციით, ამ ავტომობილში იჯდა ბატონი ლევან მენახშირიშვილი, ის გახლავთ სახელმწიფოს წარმომადგენელი სოფელ ვაზიანში. ამ ადამიანმა გაუწია ორგანიზება „ქართული ოცნების“ აქტივისტებს, მიუსია ჩვენს ჯგუფს, ცდილობდნენ ხელის შეშლას, უნდოდათ ზემოქმედება მოეხდინათ ჩვენი შტაბის წარმომადგენლებზე. მინდა ამ ადამიანს და „ქართულ ოცნებას“ ვუთხრა, თუ თქვენ მხოლოდ კეკლუცობისთვის არ დააყენეთ ინიციატივა, რომ დაისაჯოს საარჩევნო კამპანიის დროს ხელის შეშლა, მაშინ მე წარმოგიდგინეთ პიროვნება, წარმოგიდგინეთ მანქანაც. ვთხოვ შესაბამის ორგანოებს, მიიღონ ზომები“, – განაცხადა ნადირაშვილმა.