ირმა ნადირაშვილი აცხადებს, რომ პროკურატურაში გამოკითხვისას წყარო არ დაუსახელებია 
ირმა ნადირაშვილი აცხადებს, რომ პროკურატურაში გამოკითხვისას წყარო არ დაუსახელებია 

„ევროპული საქართველოს“ წევრი ირმა ნადირაშვილი, რომელიც დღეს პრეზიდენტის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა, აცხადებს, რომ პროკურატურისთვის წყარო არ დაუსახელებია.

როგორც გამოკითხვიდან გამოსულმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, გამოძიებას განუმარტა, რომ აქვს უფლება, არ გაამხილოს ინფორმაციის წყარო.

„ეს გავაკეთე, რათა ინფორმაცია მივიღე სწორედ ამ პირობით, რომ არ გავასაჯაროვებდი წყაროს, ესეც დაკითხვის ოქმში არის ჩაწერილი, რომ მე არ მინდა, ეს ადამიანი გახდეს დევნის ობიექტი ამ ქვეყანაში. დაკითხვის შემდეგ მივხვდი, რომ აბსოლუტურად სწორად მოვიქეცი. თუ განცდებზე ვსაუბრობთ, დიახ, სწორად მოვიქეცი, როდესაც წყარო არ დავასახელე, რადგან ბოლო კითხვები იყო ისეთი, რომ უფრო წყაროთი დაინტერესდნენ, ვიდრე გაბუნიათი და პრეზიდენტით. შემიძლია გითხრათ, რაც ვთქვი პროკურატურაში, წყარო დამიკავშირდა, რომ მას უნდოდა ჩემთვის ინფორმაციიის მოწოდება, კომუნიკაციის დროს მითხრა, რომ თავადაც სურდა დახმარებოდა ერთ-ერთ ოჯახს, რათა მიეღო შეწყალება. დაუკავშირდა ერთ-ერთ ადვოკატს, ცხადია, ინფორმაციის მისაღებად თუ რა საბუთები იყო ამისთვის საჭირო, ადვოკატმა უთხრა, რომ ასე კი არ უნდა ამ საქმეს, ძალიან მარტივი გზა არის, დაუკავშირდეს გაბუნიას ერთ-ერთ პარტნიორს, რომელთან ერთადაც ჰქონდა საადვოკატო ბიურო და ამ პარტნიორის მეშვეობით გახვიდეთ გაბუნიაზე. ადგილი რომ არ დარჩეს ინტერპრეტირებისთვის, პირდაპირ გეუბნებით, ეს არ არის პაატა სალია, სალიას ისაც ეყოფა რასაც აკეთებს. მოკლედ, მას უთხრეს, პარტნიორს მიაქვს ამბავი გაბუნიამდე და შემდეგ კანტორა, რასაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჰქვია, იქცევა პატიოსნად, ფულს აიღებენ მას შემდეგ, რაც მსჯავრდებული დატოვებს ციხეს. ჩემმა წყარომ იმოქმედა თუ არა ამ სქემით, სხვა გზით წავიდა თუ არა თავისი ახლობლისთვის დახმარების აღმოსაჩენად, მე ეს ინფორმაცია არ მაქვს, თანხების მასშტაბები არ ვიცი“, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.