ირმა ინაშვილი - ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც ტაშს უკრავენ ქართული მიწის გაყიდვასა და დათმობაში ბრალდებულ მელაშვილს, რომელიც ცინიკურად აცხადებს, რომ დავით გარეჯი არ არის ჩვენი
ირმა ინაშვილი - ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც ტაშს უკრავენ ქართული მიწის გაყიდვასა და დათმობაში ბრალდებულ მელაშვილს, რომელიც ცინიკურად აცხადებს, რომ დავით გარეჯი არ არის ჩვენი

„ქართულმა ოცნებამ“ გააუფასურა ყველაფერი. ჩვენ ვცხოვრობთ ტრაგიკულ რეალობაში, სადაც გმირობასა და ღალატს, წესიერებასა და უწესობას, სიმართლესა და ტყუილს აქვს ერთი ფასი, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა.

„ჟიური შარტავას, გურამ გაბისკირიას, არქიმანდრიტ ილია კარტოზიას ქვეყანაში ჩვენ ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც უკრავენ ტაშს, ქართული მიწის გაყიდვასა და დათმობაში ბრალდებულს, მელაშვილზე ვლაპარაკობ, რომელიც ცინიკურად აცხადებს, რომ დავით გარეჯი არ არის თურმე ჩვენი, ეს ყველაფერი მიგვანიშნებს, რა სავალალო მდგომარეობაშია დღეს ჩვენი ქვეყანა. მრავალი წლის მანძილზე, ჯერ კიდევ არ არსებობდა „პატრიოტთა ალიანსი“, ჩვენ ვიყავით წინააღმდეგობის მოძრაობის წევრები და ვსაუბრობდით იმ ტრაგიკული ვითარებაზე, რასაც ადგილი ჰქონდა დავით გარეჯში. ჩვენ 2019 წელს არ მოგვითხოვია გამოძიების დაწყება სადემარკაციო კომისიასთან დაკავშირებით, ეს ჯერ კიდევ 2012 წელს მოვითხოვეთ, ვინაიდან გვქონდა ინფორმაცია, რომ სადემარკაციო კომისია, მისი ცალკეული წევრები მუშაობდნენ საქართველოს ინტერესების საზიანოდ“, – განაცხადა ინაშვილმა.

მისი თქმით, ის, რომ დავით გარეჯი საქართველოა, ამაზე დღეს დისკუსია, სამარცხვინოა.

„პრაქტიკულად ყველა რუკა იმაზე მეტყველებს, რომ დავით გარეჯი საქართველოა, ზოგიერთი მათგანი ჩვენ საპროტესტო აქციებზეც წარვუდგინეთ საზოგადოებას და ეს რუკები აქვს პროკურატურას, თავდაცვის სამინისტროსაც. მე მინდა, ყველა ერთად დავფიქრდეთ უბრალო ფაქტზე, არჩევნების პერიოდში „ქართულმა ოცნებამ“ უცებ გაააქტიურა დავით-გარეჯის თემა, თუმცა მანამდე „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იყო ჩუმად და მეტიც, ყველა იმ ადამიანს, ვინც ხმას აღიმაღლებდა დავით გარეჯის თემაზე, აცხადებდა მტრად, მათ შორის ჩვენც. არჩევნების გაყალბების შემდეგ „ქართული ოცნება“ ციხიდან ათავისუფლებს მელაშვილს, რომელსაც პროკურატურის განცხადებით, რეალურად ჩადენილ დანაშაულში ედავებიან და რომელიც აცხადებს, რომ დავით გარეჯი არ არის საქართველო. ამ ყველაფერს ახლავს პოლიტიკური კონტექსტი, რა დროს მოხდა მათი გათავისუფლება, რატომ მოხდა, თუ ასეთი მძიმე დანაშაულია ჩადენილი და ჩადენილია, როგორც პროკურატურა ამბობს, რატომ ათავისუფლებენ ამ პირებს. ნათელია, რომ „ქართული ოცნება“ ვაჭრობს. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა, რომ დღეს ქვეყანას მართავენ კომედიანტები, რომლებიც დაკავებული არიან არა სახელმწიფოს მართვით, არამედ პოლიტიკური სპექტაკლების დადგმით. ჩვენ ვცხოვრობთ მძიმე და ტრაგიკული რეალობაში, სადაც ყოველდღე გვაყურებინებენ ძალიან უნიჭოდ და მდარედ დადგმულ პოლიტიკურ სპექტაკლებს. დავით გარეჯის გამოძიების კონტექსტიც ამ ვითარებაში სწორედ ამ პოლიტიკური სპექტაკლების ერთ-ერთი ნაწილია“, – განაცხადა ინაშავილმა.