ირმა ინაშვილი - ვიმედოვნებ, პრემიერ-მინისტრი გააცნობიერებს, რომ მნიშვნელოვანია, დაინიშნოს ახალი არჩევნები და დამთავრდეს მძიმე პოლიტიკური კრიზისი
ირმა ინაშვილი - ვიმედოვნებ, პრემიერ-მინისტრი გააცნობიერებს, რომ მნიშვნელოვანია, დაინიშნოს ახალი არჩევნები და დამთავრდეს მძიმე პოლიტიკური კრიზისი

შარლ მიშელთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რომ უნდა დაიწყოს საუბარი ახალი არჩევნების დანიშვნაზე, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მონაწილეობით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ირმა ინაშვილის თქმით, მისი პოლიტიკური პარტია ასეთი ტიპის შეხვედრების დროს აყენებს ერთადერთ მთავარ საკითხს, რაც გულისხმობს ახალი არჩევნების დანიშვნას.

„რა თქმა უნდა, დღეს როდესაც მე გამოვედი, ვისაუბრე იმაზე, რომ ერთადერთი გამოსავალი არის ახალი არჩევნების დანიშვნაში. როგორ უნდა მივიდეთ აქამდე, რა კომპრომისი უნდა დავინახოთ ორივე მხრიდან, ამას გვაჩვენებს დრო. კონკრეტული შეთანხმება, კონკრეტულ დეტალებზე საუბარი ახლა ჯერ ნაადრევია. რაც მთავარია, კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმას, რომ უნდა დაიწყოს საუბარი, მე ამაზე ვლაპარაკობ, რომ დაინიშნოს ახალი არჩევნები და მოგეხსენებათ, იქ არის სხვადასხვა ინტერპრეტაციები, საუბარი მიდის პლებისციტზეც, რასაც ჩვენ კატეგორიულად მხარს არ ვუჭერთ. მეგობრებო, არჩევნები თუ გააყალბა, პლებისციტს არ გააყალბებს? ამიტომ მნიშვნელოვანია დღევანდელი შეხვედრა, რა თქმა უნდა იმიტომ, რომ ევროპულ საბჭოს პრეზიდენტმა ამდენი დრო დაუთმო საქართველოს, საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისს. ვიმედოვნებ, რომ პრემიერ-მინისტრი, კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, გააცნობიერებს, რომ მნიშვნელოვანია, დაინიშნოს ახალი არჩევნები და დამთავრდეს ეს მძიმე პოლიტიკური კრიზისი. თვითონ ის ფაქტი, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ღრმად ინტერესდება ამ თემით და ამბობს, რომ მუდმივად იქნება ხაზზე და მისთვის პრიორიტეტულია, საქართველოში ჩაქრეს პოლიტიკური კრიზისი, არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ თვითონ საქართველოში როგორ განვითარდება პროცესი, ამას გვაჩვენებს უახლოესი პროცესი“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.