ირმა ინაშვილი - ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხზე დავით თარხან-მოურავი ორჯერ იყო მოსკოვში ჩასული, პირდაპირმა დიალოგმა გაამართლა
ირმა ინაშვილი - ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხზე დავით თარხან-მოურავი ორჯერ იყო მოსკოვში ჩასული, პირდაპირმა დიალოგმა გაამართლა

ძალიან აქტიურად ვიმუშავეთ რუს კოლეგებთან ერთად, პირდაპირმა დიალოგმა გაამართლა, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება არის ამისი გამოხატულება, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ინაშვილმა აღნიშნა, დავით თარხან-მოურავი ორჯერ იყო ჩასული მოსკოვში ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით.

„ჩვენ უნდა ვისწავლოთ, როგორ გავუსწოროთ თვალი სიმართლეს. ხელისუფლებას ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. ინფორმაცია არ ჰქონდა, არც ოჯახს. ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, კონკრეტულად დავით თარხან-მოურავმა, მე ირმა ინაშვილმა, ვიშრომეთ, რათა ეს ფაქტი განხორციელებულიყო. ვლაპარაკობ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების ეპიზოდზე, თორემ მანამდე ხელისუფლება და საერთაშორისო თანამეგობრობა ძალისხმევას ხარჯავდა, ამას ჩვენ არ უარვყოფთ, მაგრამ კონკრეტულად, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება მოხდა ჩვენი შრომის შედეგად. ძალიან აქტიურად ვიმუშავეთ რუს კოლეგებთან ერთად. პირდაპირმა დიალოგმა გაამართლა, ეს გათავისუფლების ფაქტი არის ამისი გამოხატულება. დავით თარხან-მოურავი ორჯერ იყო ჩასული მოსკოვში ამ თემასთან დაკავშირებით. მან ჯერ კიდევ 18 დეკემბერს მიიღო მტკიცე პირობა რუსეთის ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან, რომ შუამდგომლობას გაგვიწევდნენ, რათა ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლებულიყო და ეს პირობა რუსულმა მხარემ შეასრულა“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ამასთან, ინაშვილის განცხადებით, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება მონაწილეობა არ მიუღია არც კოსაჩოვს და არც ნინო ბურჯანაძეს.

„ნინო ბურჯანაძემ მადლობა გადაუხადა კოსაჩოვს ამ პროცესში მონაწილეობისთვის. პატივს ვცემ ყველა ადამიანს, არავის დამსახურებას არ უარვყოფთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების ფაქტში მონაწილეობა არც კოსაჩოვს, არც ნინო ბურჯანაძეს არც სხვებს არ მიუღიათ. ეს საკითხი გაცილებით მაღალ დონეზე გადაწყდა, ვიდრე კოსაჩოვის დონეა. ეს გადაწყდა, რუსეთის მაღალი რანგის თანამდებობის პირების დონეზე“, – განაცხადა ინაშვილმა.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც თვეზე მეტი იმყოფებოდა საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში, დღეს გაათავისუფლეს.

დატოვე კომენტარი