ირმა ინაშვილი - თუ მოინდომებენ, ვიცე-სპიკერი არ ვიყო, ეს საკითხი კენჭისყრაზე გაიტანონ და ვნახოთ, რამდენი და რომელი დეპუტატი აუწევს ხელს
ირმა ინაშვილი - თუ მოინდომებენ, ვიცე-სპიკერი არ ვიყო, ეს საკითხი კენჭისყრაზე გაიტანონ და ვნახოთ, რამდენი და რომელი დეპუტატი აუწევს ხელს

თუ მოინდომებენ, რომ ვიცე-სპიკერი არ ვიყო, ველოდები, ეს საკითხი კენჭისყრაზე გაიტანონ და ერთი ვნახოთ, რამდენი და რომელი დეპუტატი აუწევს ხელს, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ირმა ინაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას.

„დაიშლება თუ არა ფრაქცია, ეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული საკითხი არ არის. შესაძლოა, ჟურნალისტებისთვის და იგივე, პოლიტიკური წრეებისთვის იყოს. მე ვიცე-სპიკერი ვიქნები. ჩემს ვიცე-სპიკერობას არავითარი საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ თუ მოინდომებენ, რომ ვიცე-სპიკერი არ ვიყო, ველოდები, ეს საკითხი კენჭისყრაზე გაიტანონ და ერთი ვნახოთ, რამდენი და რომელი დეპუტატი აუწევს ხელს, რომ ირმა ინაშვილი ვიცე-სპიკერი არ იყოს. ძალიან მაინტერესებს, რა არგუმენტებს დაასახელებენ და რით იხელმძღვანელებენ“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ამ განცხადებით ირმა ინაშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, დაიშლება თუ არა ფრაქცია „საქართველოს პატრიოტები“ და იქნება თუ არა ის პარლამენტის ვიცე-სპიკერი.

მისი თქმით, „პატრიოტთა ალიანსს“ ფრაქცია ექნება და ვიცე-სპიკერი ეყოლება თუ არა, ეს პარტიისთვის გადამწყვეტი არ არის.

„ირმა ინაშვილი პარლამენტიდან არ ქრება. მეცხრე მოწვევის პარლამენტში მე ბოლომდე, ვადის გასვლამდე ვიქნები და ყოველთვის მექნება საშუალება, პარლამენტის ტრიბუნიდან ვთქვა ის, რაც ხალხს აწუხებს. ჩვენთვის ეს არის მნიშვნელოვანი და არა ის, ფრაქცია დაიშლება თუ არა“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, მიმდინარეობს თუ არა ვინმესთან მოლაპარაკება ფრაქციის გადასარჩენად და მოიწვიეს თუ არა მათ ფრაქციაში ეკა ბესელია, ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ ეკა ბესელიასთან ამ თემაზე არ უსაუბრია და „პატრიოტთა ალიანსი“ მოლაპარაკებას არავისთან აწარმოებს, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან კარგად იცის.

„პირდაპირ გეუბნებით, არავინ მომიწვევია და არავისთან კულუარული საუბრები არ მიმყავს. ეს ხალხი ამას დაგვიდასტურებს. კარგი იქნება, თუ „ქართული ოცნებიდან“ რომელიმე დეპუტატი იფიქრებს, რომ მნიშვნელოვანია, ჩვენი ფრაქცია არ დაიშალოს და ამას გაუწევს ანგარიშს, იაზროვნებს სახელმწიფოებრივად და ხელს შეუწყობს იმას, რომ ჩვენი ფრაქცია შენარჩუნდეს. თუ ასეთი ვინმე გამოჩნდება, გამიხარდება. არ გამოჩნდება და, ტრაგედია არ არის“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.