ირმა ინაშვილი - თავის დროზე, სააკაშვილმა და ბოკერიამ ეკლესიაში აგენტურა ჩანერგეს, პეტრე-პაატა ცაავა სწორედ ასეთი აგენტია
ირმა ინაშვილი - თავის დროზე, სააკაშვილმა და ბოკერიამ ეკლესიაში აგენტურა ჩანერგეს, პეტრე-პაატა ცაავა სწორედ ასეთი აგენტია

თავის დროზე, სააკაშვილმა და ბოკერიამ ეკლესიაში აგენტურა ჩანერგეს, პეტრე-პაატა ცაავა სწორედ ასეთი აგენტია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ირმა ინაშვილმა საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პეტრე ცაავა ეკლესიაში ჩანერგეს, რათა შიგნიდან პროცესი მაშინ აეფეთქებინათ, როცა საჭირო იქნებოდა.

„ქართული ეკლესიისა და საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის მიმართ მომდინარეობს ბრძოლა და შავი პიარკამპანია. ეს ბრძოლა დღეს არ დაწყებულა, ეს კამპანია ჯერ კიდევ „ვარდების რევოლუციის“ პერიოდში დაიწყო. ამ პიარკამპანიის ფლაგმანი „თავისუფლების ინსტიტუტი“, ლევან რამიშვილი, ვასილ კობახიძე, ნოდარ ლადარია, ლაშა ბუღაძე, გიგა ბოკერია, კინწურაშვილი და სხვები იყვნენ, მაგრამ მაშინ, საქართველოს პირველ არხზე ამ გეგმის მხილება მოხდა და გეგმა კულისებში გადავიდა. როგორც ჩანს, ხელი არავის აუღია საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაზე. სხვადასხვა ფრაგმენტი ვნახეთ – მეუფე იაკობის განცხადებები, დეკანოზ მამალაძის წერილი, რომელიც ვერავინ გაიგო, სად არის და რა წერია, ასევე მისი ძმის განცხადებები. ეს ეპიზოდური განცხადებები და ფრაგმენტები არის ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლის დიდი გეგმის ნაწილი, ვიღაც გამოყენებულია ამ გეგმაში, ვიღაცას გამოიყენებენ. თავის დროზე, სააკაშვილმა და ბოკერიამ ეკლესიაში აგენტურა ჩანერგა. პეტრე-პაატა ცაავა სწორედ ასეთი აგენტია. ჩანერგეს, რათა შიგნიდან პროცესი მაშინ აეფეთქებინა, როცა საჭირო იქნებოდა.

სინოდმა ძალიან ბრძნული გადაწყვეტილება გამოიტანა. თქვეს, რომ დეკანოზ მამალაძის წერილის არავის ეშინია, მოუწოდეს, წერილი გამოექვეყნებინა, თუმცა მისი ძმა საუბრობდა სხვადასხვა თემაზე, რაც თურმე, იმ წერილშია. ეს არის ბინძური ცილისწამება საქართველოს პატრიარქის წინააღმდეგ. თავის დროზე, სააკაშვილ-ბოკერია პეტრე ცაავას აგენტურას ეკლესიაში სპეცსამსახურების საშუალებით ნერგავდა, რათა ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა გაღვივებულიყო ეკლესიის ფარგლებიდან. ასეთივე აგენტია დეკანოზი ჭიღლაძე, რომელიც აცდენილია დეკანოზის სტანდარტებს. სხვებიც არიან, ვისგანაც ეკლესია აუცილებლად გაიწმინდება“, – განაცხადა ინაშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით წმინდა სინოდმა გადაწყვეტილება მაშინ გამოიტანა, როცა საჭიროდ ჩათვალა. ინაშვილის განცხადებით, კარგი იქნება, თუ პრეზიდენტი მას შეიწყალებს, რადგან მამალაძეს შეეძლება, სინოდის სხდომაზე მისვლა და განცხადების გაკეთება.

„დეკანოზის შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს მიმართეს, ეს არის გულმოწყალების აქტი იმის გამო, რომ როგორც ამბობენ, დეკანოზის ფიზიკური მდგომარეობა შერყეულია და არავითარ შემთხვევაში, ეს შანტაჟის შედეგი არ არის. ეკლესიას დეკანოზ მამალაძის წერილის არ ეშინია. მაზიარებელს ხან აზიარებენ და ხან, არა. სინოდმა ასეთი გადაწყვეტილება მაშინ გამოიტანა, როცა საჭიროდ ჩათვალა. ეს არის სწორი და ჭკვიანური გადაწყვეტილება. თუ პრეზიდენტი შეიწყალებს, კარგი იქნება. მამალაძეს შეეძლება, სინოდის სხდომაზე მივიდეს და განცხადებები სინოდის ფარგლებში გააკეთოს“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

საპატრიარქოში გუშინ წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა, რომელზეც რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღეს, მათ შორის პეტრე ცაავა მღვდელთმთავრობიდან გაათავისუფლეს. გარდა ამისა, წმინდა სინოდმა მეუფე იაკობი გააფრთხილა. ასევე, სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლების შესახებ პრეზიდენტთან უშუამდგომლებს.