ირმა ინაშვილი - თავ-ყბას დავუნგრევთ, თუ ასე გააგრძელებენ, ეს არის ჩემი გზავნილი პეტრესა და ეკლესიაში ბოკერია-სააკაშვილის ჩანერგილი აგენტურისადმი
ირმა ინაშვილი - თავ-ყბას დავუნგრევთ, თუ ასე გააგრძელებენ, ეს არის ჩემი გზავნილი პეტრესა და ეკლესიაში ბოკერია-სააკაშვილის ჩანერგილი აგენტურისადმი

ის, რაც საქართველოს ეკლესიაში დღეს ხდება, ახლა არ დაწყებულა, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა სინოდის დღევანდელ სხდომასთან და მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

მისი თქმით, საზოგადოება ძალიან მნიშვნელოვანი ეპოქისა და პროცესის თვითმხილველი და მონაწილეა.

„ბევრჯერ მითქვამს და მინდა, გავიმეორო, რომ ის, რაც დღეს ხდება საქართველოს ეკლესიაში, ახლა არ დაწყებულა. ეს დაიწყო რამდენიმე წლის წინ, ჯერ კიდევ „ვარდების რევოლუციამდე“, როდესაც კონკრეტულად „თავისუფლების ინსტიტუტი“, ლევან რამიშვილი, ნოდარ ლადარია, იგივე ლაშა ბუღაძე და სხვები ტელევიზიაში იყვნენ მოსულები და გეგმავდნენ ეკლესიის საწინააღმდეგო გადაცემების მომზადებას. ამას ავალებდნენ პირველი არხის ჟურნალსიტებს. მაშინ დაიწყო ეს ყველაფერი, „ვარდების რევოლუციის“ ეპოქაში, როდესაც ამ ადამიანებმა, ბოკერია და სხვები იყვნენ კიდევ, ღიად გვითხრეს ჟურნალისტებს, რომ უნდა დაიწყოს ეკლესიის მხილება, სინოდი უნდა გავხლიჩოთ, პატრიარქი მოხუცდა და ვეღარ მართავს ეკლესიას, უნდა აისახოს მდგომარეობა, რაც არის დედათა მონასტრებში, გარყვნილება, ჩვენ ვფლობთ ინფორმაციასო, ცხადია, ტყუილი იყო, მამების მონასტრებში და ასე შემდეგ“, – განაცხადა დეპუტატმა.

მისი თქმით, ჩაფიქრებული იყო ტყუილის, ცილისწამების, შავი პიარის გეგმა.

„თავის დროზე, მე ეს გეგმა ვამხილე და ტელევიზიიდანაც წამოვედი, მაგრამ ამ ხალხს გეგმის განხორციელებაზე ხელი კი არ აუღია. ისინი გადავიდნენ კულისებში და კიდევ შექმნეს სხვა ინდუსტრია, არასამთავრობო ორგანიზაციების სახით. მედიის ნაწილი იყო მათი მოკავშირე და მუდმივად, მთელი ამ წლების განმავლობაში უტევდნენ ეკლესიასა და კონკრეტულად პატრიარქს. მგონი, ყველა ხვდება, რა იყო ამისი მიზანი. ეს იყო ეკლესიის დისკრედიტაცია, ეკლესიის ავტორიტეტის განადგურება, პატრიარქის ჩამოშორება პატრიარქის სკამიდან და მათთვის სასურველი პირების ჩანერგვა ეკლესიის წიაღში, საპატრიარქოშიც და ასე შემდეგ. ახლა უკვე ვსაუბრობ სააკაშვილ-ბოკერიას მმართველობის პერიოდზე,  დღეს ისინი მწუხარე სახეებით გამოდიან. ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლის ფლაგმანი იყო გიგი უგულავა, დღეს რომ მეორედ მოსვლაზე ლაპარაკობს სევდიანი სახით“, – განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა.

მისი თქმით, ეს გეგმა ჰქონდა სააკაშვილისა და ბოკერიას გუნდს.

„გეგმა ეს ჰქონდათ და ადამიანებსაც ვასახელებ, კონკრეტულ ჯგუფებს, სააკაშვილებისა და ბოკერიების ჯგუფებს, რომელთა მიზანი იყო და დღესაც არის ეკლესიის ავტორიტეტის განადგურება. ამ ხალხს ხელი არ აუღია ამ გეგმაზე, მაგრამ მსოფლიოში გლობალურად არის ფსევდოლიბერალური ძალების მხრიდან  შეტევა მართლმადიდებლურ ეკლესიებზე, მათ შორის, საქართველოზეც“, – განაცხადა დეპუტატმა.

ირმა ინაშვილის შეფასებით, ეკლესიის წიაღში ახლა მიმდინარე პროცესი ინსპირირებული არის ადგილობრივი, ქართული ფსევდოლიბერალური ძალების მხრიდან, რომლებსაც მისივე თქმით, მოკავშირეები ჰყავთ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც.

„სხვათა შორის, ეს ის ჯგუფებია, რომლებიც ტრამპსაც უპირისპირდებიან. ებრძვიან და ძირს უთხრიან ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს. პოლიტიკოსებიც, სამხედრო პირებიც, მესამე სექტორის წარმომადგენლები, ექსპერტები, დასაყრდენი ჰყავთ ამ ფსევდოლიბერალურ ძალებს ევროპაშიც, სხვადასხვა ევროდეპუტატებისა და არასამთავრობოების სახით. ეს ჯგუფები გარედან და შიგნიდან ბოკერიებისა და სააკაშვილების ჯგუფები ებრძვიან ეკლესიას“, – აღნიშნა „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა.

ამასთან, ირმა ინაშვილი ამბობს, რომ ყოფილ მღვდელთმთავარს, პეტრე ცაავას არა მეუფედ, არამედ „ცრუ პეტრედ“ იხსენიებდა.

„მე არასდროს მომიხსენიებია პეტრე მეუფედ, მას ყოველთვის ვიხსენიებდი „ცრუ პეტრედ“, რომელიც ნამდვილად აცდენილი იყო მეუფის ყველა სტანდარტს, მისი აზროვნებიდან, ლექსიკიდან გამომდინარე. დღეს ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა და ძალიან სწორი გადწყვეტილება მიიღო სინოდმა პეტრესთან დაკავშირებით. ასეთი ხალხისგან ეკლესია უნდა განიწმინდოს და როცა გამოსავალზე ვლაპარაკობთ, მე არ ვარ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქზე ჭკვიანი, იმედი მაქვს, მისი ბრძნული გადაწყვეტილების. ზუსტად ვიცი, სინოდშიც არის არაერთი, უმრავლესობაში არიან წესიერი, ბრძენი, ძალიან ჭკვიანი მეუფეები. მარტო ის რამდენიმე ოდიოზური პეტრე კი არა ჰყავს სინოდს, საბედნიეროდ, ძალიან ბევრი წესიერი და პატიოსანი მღვდელთმთავარი გვყავს და სწორედ ამ ხალხის გადასაწყვეტია, ვითარება, რაც ეკლესიის გარშემოა შექმნილი, როგორ ჩაქრეს და დამშვიდდეს. სწორი გადაწყვეტილება მიიღეს დღეს, რომ პეტრე აღარ არის მეუფე და არის მოქალაქე პეტრე. ძალიან კარგია ეს და ფრთხილად იყოს ეგ პეტრე, მაგას თავ-ყბას დავუნგრევთ ჩვენ თუ ეგრე გააგრძელებს, ეს არის ჩემი გზავნილი პეტრესადმი და სხვა აგენტურისადმი, ვინც ჩანერგა ბოკერია-სააკაშვილმა ეკლესიაში“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

საქართველოს საპატრიარქოში დღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა. როგორც სხდომის შემდეგ ყოფილმა მღვდელთმთავარმა, პეტრე ცაავამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ის „პატრიარქმა მღვდელთმთავრობიდან განაყენა“.

დატოვე კომენტარი