ირმა ინაშვილი - შთაბეჭდილება მრჩება, რომ უმრავლესობა „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ ტერმინ დანაშაულებრივი რეჟიმის გამოყენებას ერიდება
ირმა ინაშვილი - შთაბეჭდილება მრჩება, რომ უმრავლესობა „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ ტერმინ დანაშაულებრივი რეჟიმის გამოყენებას ერიდება

პარლამენტის ვიცე-სპიკერის ირმა ინაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ დანაშაულებრივი რეჟიმი იყო და რეზოლუციის პროექტში შემთხვევით არაფერია ნათქვამი.

როგორც ჟურნალისტებს ინაშვილმა განუცხადა, ფაქტიურად, იურიდიულმა კომიტეტმა რეზოლუციის პროექტის სულისკვეთება გაიზიარა და ყველა იმ პოზიციას მხარი დაუჭირა, რაც “პატრიოტების” მხრიდან გაჟღერდა.

„შევთანხმდით იმაზე, რომ 2004-2012 წლებში ის სისტემა, რაც სააკაშვილმა-ბოკერიამ დაამკვიდრეს, დანაშაულებრივი და ძალადობრივი სისტემა იყო. კომიტეტს კენჭისყრას ვთავაზობთ, რომ პოზიცია ჩამოაყალიბოს. შთაბეჭდილება მრჩება, რომ ტერმინ – დანაშაულებრივ რეჟიმს ერიდებიან, რადგან არ იციან, ამას დასავლელი პარტნიორების მხრიდან რა რეაქცია მოჰყვება. ეს დანაშაულებრივი რეჟიმი იყო და რეზოლუციაში შემთხვევით არაფერია ნათქვამი. ქუჩაში ადამიანების კვლა, მშვიდობიანი მანიფესტანტების დარბევა, ქონების წართმევა, მედიისა და ბიზნესის დატერორება ხდებოდა. ეს ყველაფერი სისტემური დანაშაული იყო და ამას არც იურიდიული კომიტეტი არ უარყოფს, მაგრამ ტერმინზეა პრობლემა. დღის წესრიგიდან ტერმინს არ ვხსნი და იმედია, პლენარულ სხდომაზე ასე გავა”, – განაცხადა ინაშვილმა.