ირმა ინაშვილი - სამხედრო მიუმხრობლობის გარდა, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ვერცერთი პლატფორმა ვერ დაიცავს
ირმა ინაშვილი - სამხედრო მიუმხრობლობის გარდა, ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ვერცერთი პლატფორმა ვერ დაიცავს

ღმერთმა დიდხანს გაცოცხლოთ და თქვენ რომ 75 წლის გახდებით, შეიძლება ნატოში მიგიღონ, ან არ მიგიღონ და კაცმა არ იცის, ამ დროს ნატო იქნება თუ არა, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ და აღნიშნული სიტყვებით საქართველოს პარლამენტის წევრ ირაკლი კობახიძეს მიმართა.

„ამიტომ, რეალისტები უნდა ვიყოთ და ჩვენ ჩვენი ქვეყნის ინტერესები უნდა დავიცვათ. ამ ინტერესებს, სამხედრო მიუმხრობლობის გარდა, ვერცერთი სხვა პლატფორმა ვერ დაიცავს და ახლა, გინდა იყავი ჩემთან კოალიციაში და გინდა ნუ იქნები! გეხვეწება ვინმე, ჩემთან იყო კოალიციაში?! ასეთი არაფერი გამიგია. არ ვიქნები „პატრიოტთა ალიანსთან“ კოალიციაშიო, რომ ამბობთ, ნუ იქნები, ეს არც ჩვენ გვითხოვია“, – განაცხადა ინაშვილმა.

ამ განცხადებით ირმა ინაშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, თუ როგორ შეაფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ირაკლი კობახიძის მიერ გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას გაკეთებულ განცხადებას, რომ 2020 წლის პარლამენტში „ქართული ოცნება“ კოალიციური მთავრობის ჩამოსაყალიბებლად „პატრიოტთა ალიანსთან“ ალიანსის შესაძლებლობას არ უშვებს, რადგან „პატრიოტთა ალიანსი“ ნატო-ში გაწევრიანებას მხარს არ უჭერს. 

როგორც ინაშვილმა აღნიშნა, პროპორციული სისტემა აუცილებლად გულისხმობს კოალიციურ მთავრობას და ამ დროს, „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ კოალიცია არავისთან ექნებათ.

„ქართულ ოცნებას“ და მის ლიდერებს კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა – კოალიციაში იქნებით კი არა, ისეთი პოლიტიკა მიგყავთ, თქვენთვის საბედისწერო, რომ პარტნიორებს სანთლით დაუწყებთ ძებნას და ვერ იპოვით“, – განაცხადა ინაშვილმა.

მისი თქმით, კარგი იქნება, ქართული პოლიტიკური სპექტრი გარესამყაროს არ მოწყდეს და შიდა პოლიტიკური ბაზრის რეალობაში არ ჩაიკეტოს, რადგან კარჩაკეტილობა ძალიან ცუდია.

„ნატო სერიოზული რეფორმირების წინაშე დგას და ხვალ-ზეგ იქნება თუ არ იქნება, ამ საკითხზე სერიოზული დისკუსია მიდის. შეიძლება, სრულიად ახალი ტიპის სამხედრო ორგანიზაცია შეიქმნას და აღარ იყოს ნატო. ხომ აკვირდებით, თვითონ ნატო-ს შიგნით რა პროცესები მიდის?! ამ ფონზე საქართველოსა და ნატო-ს თემა არის ძალიან გაშიფრული სქემა. მე არაერთ შეხვედრას ვესწრები, სადაც ნატო-ს მაღალი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობენ და ყველა ცალსახად, მკაფიოდ ამბობს, რომ კარი ღიაა, მაგრამ არ ვიცით, როდის გაწევრიანდებითო. გისვამთ კითხვას, როდის გარდატყდება საფრანგეთი და გერმანია – ორი მთავარი სახელმწიფო, რომ ნატო-ში ჩვენს გაწევრიანებაზე თანხმობა განაცხადონ? ეს უახლოესი 15-20-25 წლის განმავლობაში არ მოხდება“, – განაცხადა ინაშვილმა.

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ საქართველომ ძალიან ბევრი რეფორმა განახორციელა, ქვეყანას ყველა კრიტერიუმი დაკმაყოფილებული აქვს და ის იმსახურებდა ნატო-ში გაწევრიანებას, მაგრამ ეს არ მოხდა.

მისივე თქმით, „პატრიოტთა ალიანსს“ არასდროს უთქვამს, რომ „ცუდია, თუ ნატო-ს ქოლგა იქნება. საქართველოს 29 ქვეყანა დაიცავს და გვეცოდინება, რომ მარტო არ ვართ, მაგრამ როდესაც ეს უტოპია ხდება, სხვა პლატფორმაზე უნდა ვიფიქროთ, ასეთი პლატფორმა კი სამხედრო მიუმხრობლობაა, რომელიც ავსტრიაში, შვეიცარიაში, შვედეთსა და ფინეთშია აპრობირებული“.

„ამ პლატფორმით მათ პოლიტიკური სტაბილურობაც მოიპოვეს და ეკონომიკური პროგრესიც. რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის იმის განცხადება, რომ ჩვენ სამხედრო მიუმხრობლობა გვინდა. ჩვენ ამაზე მუშაობა გაერო-ს დონეზე მოგვიწევს, რომ ამის აღიარება გაერო-ს მხრიდან მოხდეს და მუშაობა მოგვიწევს სამეზობლოსთან, რომ სამხედრო მიუმხრობლობა მხარდაჭერილი იყოს. ჩვენ ინტენსიური შეხვედრები გვაქვს საკუთარ მეზობლებთანაც, ბრიუსელშიც და აშშ-შიც“, – განაცხადა ინაშვილმა.

მისივე თქმით, დღეს სამხედრო მიუმხრობლობის პლატფორმა ნატო-სთვის და ევროპისთვის საქართველოსთან მიმართებაში გამოსავალია.