ირმა ინაშვილი - საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ჩვენი შეთავაზება იქნება 138/12-ზე
ირმა ინაშვილი - საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ჩვენი შეთავაზება იქნება 138/12-ზე

მეხუთე რაუნდის ფორმატში ჩვენი შეთავაზება იქნება 138/12-ზე ან 135/15-ზე, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით განაცხადა.

„უმრავლესობა ხომ ამბობს 100-50-ზე, ჩვენ ვეტყვით – რატომ 100-50-ზე? თუ შენ უკვე იმაზე მოდიხარ, რომ საკონსტიტუციო ცვლილება განვახორციელოთ, ქვეყნის ტერიტორიული მოწყობა ხომ ვიცით, როგორც არის, რამდენი ერთეულია და მოდი, ასე გავაკეთოთ – 138-12-ზე. იყოს 12 მაჟორიტარი, რომელიც ყველა მხარეს წარმოადგენს, ან რადგან თბილისი დიდი ოლქია, სამი მაჟორიტარი გამოვყოთ და მაშინ 135-15-ზე გამოვა. მეხუთე რაუნდის ფორმატში ჩვენი შეთავაზება ეს იქნება და ელჩებთან ამაზე უკვე ვისაუბრეთ“, – განაცხადა ინაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რას უკავშირდებოდა პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ გარკვეული პაუზის აღება 14 ნოემბრიდან დღემდე და რამდენად რჩება იმის შესაძლებლობა, რომ საგაზაფხულო სესიაზე მათი ინიციატივა განხორციელდეს, ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ „პატრიოტთა ალიანსს“ საარჩევნო სისტემის და გარემოს შეცვლის მიმართულებით მუშაობა არ შეუწყვეტია.

„ჩვენ ვმონაწილეობთ ყველა შეხვედრაში. ვგულისხმობ ოპოზიციის შეხვედრებს. თუმცა, ეს რა ოპოზიციაა, მეც რომ ოპოზიციად მოვიხსენიებ?! რომელია ოპოზიცია, სააკაშვილი თუ ბოკერია?! ესეც „ქართულმა ოცნებამ“ მოგვახვია თავს, თორემ ეს ხალხი არავითარი ოპოზიცია არ არის. ოპოზიცია მე ვარ და ჩემნაირი ხალხია, რომელსაც კონკრეტული პირების და ქვეყნის წინააღმდეგ არავითარი სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაუდენია. რაც შეეხება საარჩევნო სისტემის შეცვლას, ჩვენ ამაზე ჯერ კიდევ მაშინ ვლაპარაკობდით, როცა თვითონ სააკაშვილის რეჟიმი არ ცვლიდა სისტემას. ჩვენ მაშინ ვიბრძოდით სისტემისა და გარემოს შეცვლისთვის. დღესაც ვმონაწილეობთ ამ ფორმატებში და ელჩებთან მუდმივი შეხვედრები გვაქვს“, – განაცხადა ინაშვილმა. 

მისი თქმით, ხელისუფლება საერთოდ კლავს პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პერსპექტივას, რადგან ხელისუფლებაში დარჩენა მარადიულად სურს.

„ესენი გვეუბნებიან, რომ 2024 წელსაც 100/50-ზე იქნება და საერთოდ კლავენ პერსპექტივას, რომ ოდესმე გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე, რადგან ეს არის ხელისუფლება, რომელსაც მარადიულად უნდა ხელისუფლებაში დარჩენა. ხელისუფლებას არავისთვის არ ემეტება სკამის დათმობა, ეს კი ყველაზე სახიფათო მდგომარეობაა ნებისმიერი ხელისუფლებისთვის, როდესაც სკამი ისე ცხელდება, რომ ადგომა უჭირს. როცა ის ამ სკამს ეწებება, მერე ხალხი ჩამოაგდებს ხოლმე იმ სკამიდან, ჩვენ კი ახლა, ისეთ რეალობაში ვართ, რომ აღარ გვინდა ჩამოგდება და რევოლუციური სცენარები. ჩვენ გვინდა, ქვეყანა დემოკრატიულ პირობებში ვითარდებოდეს და სკამზე მიწებებულებს არჩევნების გზით ვცვლიდეთ“, – განაცხადა ინაშვილმა.

მისივე თქმით, „პატრიოტთა ალიანსის“ კიდევ ერთი ინიციატივა არის არჩევნებში სავალდებულო მონაწილეობა.

„საკონსტიტუციო ცვლილებას ვახორციელებთ? ბარემ, ესეც განვახორციელოთ“, – განაცხადა ინაშვილმა.

გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, იქნება თუ არა ეს ვალდებულება ტვირთი საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილისთვის, ვინც ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს და მათი უმეტესობა იმ ქვეყნებში არალეგალურად იმყოფება, ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ ვინც უცხოეთში არალეგალურად ცხოვრობს, ის სამწუხაროდ, ისედაც ვერ მონაწილეობს არჩევნებში და მისი ხმა იკარგება ხოლმე.

„ისინი არჩევნებში ვერ მიიღებენ მონაწილეობას, თუ ცხოვრების უფლება არ ექნებათ ლეგალიზებული იმ ქვეყნებში, სადაც არიან. ეს საკითხი სულ სხვა გადაწყვეტას მოითხოვს და სულ სხვა მხრივ არის განსახილველი“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.