ირმა ინაშვილი - სააკაშვილი და ბოკერია გაცოფებული არიან, რადგან ოთხ-ნახევარ პროცენტზე ნაკლებია მათი რეიტინგი და ჩვენ წინააღმდეგ ბინძურ თავდასხმებს აწყობენ
ირმა ინაშვილი - სააკაშვილი და ბოკერია გაცოფებული არიან, რადგან ოთხ-ნახევარ პროცენტზე ნაკლებია მათი რეიტინგი და ჩვენ წინააღმდეგ ბინძურ თავდასხმებს აწყობენ

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი რუსული საინფორმაციო სააგენტო „დოსიეს“ საგამოძიებო სტატიას გამოეხმაურა, სადაც კრემლის მიერ მათი პარტიის წინასაარჩევნო პიარკამპანიის დაფინანსებაზეა საუბარი.

ინაშვილის თქმით, არ შეიძლება სააგენტოს მიერ გამოტანილი დასკვნები ფაქტებად განიხილებოდეს.

მისი განცხადებით, „პატრიოტთა ალიანსს“ კონსულატაციებს ოთხი ამერიკული, ორი ებრაული და მხოლოდ ერთი რუსული კომპანია უწევს.

ირმა ინაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მათ წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას უკავშირებს და აცხადებს, რომ ამის მიზეზი მათი პარტიის მზარდი, ხოლო ოპონენტების მცირე რეიტინგია.

„ჩვენ დღეს ვნახეთ, რომ გავრცელდა „ტვ პირველის“ და „მთავარი არხის“ მხრიდან სიუჟეტები და შექმნეს ისეთი სურათი, რომელიც აშკარად და სერიოზულად ცდება ჟურნალისტურ სტანდარტებს. სიუჟეტებში საუბარია ე.წ. სააგენტო „დოსიეზე“. სიმართლე გითხრათ, არც ვიცი, ეს რა სააგენტოა, ასეთი ასობით ფუნქციონირებს რუსეთში და არანაირად არ შეიძლება, რომ ამ სააგენტოს მიერ გამოტანილი დასკვნები ან ინფორმაცია განიხილებოდეს ფაქტად.

ჩვენ ნამდვილად ვთანამშრომლობთ საკონსულტაციო კომპანიებთან. ჩვენ ვთანამშრომლობთ ამერიკის შეერთებულ შტატებში ოთხ ამერიკულ კომპანიასთან, რომლებიც წლების მანძილზე გვიწევდნენ და ახლაც გვიწევენ კონსულტაციას და საარჩევნოდ ჩამოვლენ საქართველოში.

ჩვენ ასევე ორი ებრაული კომპანია გვიწევს კონსულტაციებს და მხოლოდ ერთია რუსული საკონსულტაციო კომპანია. ყველა ეს კომპანია, მათი წარმომადგენლები, ისე კი არა, მალულად რომ ჩამოყავდა „ნაციონალურ მოძრაობას“ რუსული კომპანიების პიარშიკები საქართველოში და ისინი კულისებიდან ვერ გამოდიოდნენ, საჯაროდ იმუშავებენ ჩვენს პარტიასთან ჩვენი ამერიკელი, ებრაელი და რუსი კონსულტანტები.

8 მილიონიანი ბიუჯეტის თემაზე იყო საუბარი, ეს არის აბსოლუტური აბსურდი. 8 მილიონიანი ბიუჯეტის განხილვა საერთოდ არ ყოფილა, 8 მილიონი ალბათ იმიტომ აიღეს და გაჟღერდა, რომ ჩვენი საარჩევნო ნომერია 8. ჩვენ ველოდით ასეთ თავდასხმას. მინდა, სააკაშვილს და ბოკერიას მივმართო – თქვენ გაცოფებული ხართ, რადგან მილიონ 200 ათასზე მეტი ადამიანი გამოვკითხეთ და აქედან ჩანს, რაც ძალიან კარგად იცით, ოთხ-ნახევარ პროცენტზე ნაკლებია მათი რეიტინგი, ამიტომ არიან გაცოფებული სააკაშვილი და ბოკერია. იმიტომ ხართ გაცოფებული და ასეთ ბინძურ თავდასხმებს იმიტომ აწყობთ ჩვენს წინააღმდეგ, ეს ხომ თქვენი დაკვეთაა ამ ტელევიზიების მიმართ, რომ ჩვენ, მე და გიორგი ლომია ნამდვილად ვიყავით აფხაზეთში, ღვთისმშობლის ხატი დავაბრძანეთ ილორის ტაძარში. გაცოფებული ხართ იმიტომ, რომ თქვენ კოდორი, აფხაზეთი და ჩვენი მიწები ჩააბარეთ, ჩვენ ჩვენი ქვეყნისთვის ვიბრძვით და სიკეთე გვინდა, ამ სიკეთის ნაპერწკალი რომ ღვივდება, სწორედ ამიტომ ივსება შურით სააკაშვილისა და ბოკერიას გული. ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი საჯარო პოლიტიკაზე, არაფერი დასამალი არ გვაქვს, ვისთან ვთანამშრომლობთ, როგორ ვთანამშრომლობთ და რა ფარგლებში, ამაზე ახლაც ვილაპარაკე და კიდევ ვილაპარაკებთ მომავალში“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

დატოვე კომენტარი