ირმა ინაშვილი - როცა ადამიანი არ არის დარბაზში, მასზე აუგი არ უნდა თქვა, ამას არ გვასწავლიდნენ ოჯახებში
ირმა ინაშვილი - როცა ადამიანი არ არის დარბაზში, მასზე აუგი არ უნდა თქვა, ამას არ გვასწავლიდნენ ოჯახებში

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი აცხადებს, ადამიანს ყველაფერი პირში უნდა უთხრა და შორიდან ჩხუბი თუ კრიტიკა ზნეობრივი საქციელი არ არის. ინაშვილმა გააკრიტიკა პარლამენტის წევრები, რომლებიც პრეზიდენტის მიერ პარლამენტის დატოვების მიუხედავად, მის „აუგს მაინც ამბობენ“.

„პოლიტიკურ ასტრალში ხართ გასული. ჩრდილოეთ კორეაში და საბჭოთა კავშირის ყრილობები რომ მახსოვს, მსგავსი რამ არ ხდებოდა. მე და ჩემი ფრაქციის წევრები მხოლოდ იმიტომ დავრჩით, რომ მოვსულიყავი ამ ტრიბუნასთან და პირდაპირ, უშუალოდ თქვენთვის მეთქვა და ჩვენი საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ გამეზიარებინა ჩემი სათქმელი. პრეზიდენტი ახლა ამ დარბაზში არ იმყოფება და თქვენ შორიდან ეჩხუბებით და აკრიტიკებთ. ეს არ არის ზნეობრივი საქციელი. ჩვენ ამას არ გვასწავლიდნენ ოჯახებში. როცა არ იმყოფება ადამიანი, მასზე აუგი არ უნდა თქვა. პირში უნდა უთხრა ყველაფერი ადამიანს და მე თქვენ პირში გეუბნებით, რომ ხართ ბოლშევიკები თქვენი აზროვნებით, მდინარაძის ჯგუფო და ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, რაც თქვენ დღეს გააკეთეთ, შორს დგას პოლიტიკური კულტურის გააზრებისგან. რას კადრულობთ თქვენ და რატომ კადრულობთ ამას? პრეზიდენტს ართმევთ თავისუფალი სიტყვის უფლებას და ამას ამართლებთ იმით, რომ თურმე რეგლამენტი დაიცავით“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ირმა ინაშვილმა მიმართა დეპუტატებს, რომ მათი ადეიშვილიზაციის სიმპტომებს ხედავს.

„გული მტკივა, ვწუხვარ ამ ქვეყანაზე. არ მეპარება ეჭვი, რომ თქვენც თავისებურად წუხხართ და გული გტკივათ. მიხეილ სააკაშვილიც ამბობდა, მიყვარს საქართველო და სიყვარულით გაწამებთო. ეს არ მინდა, რომ დაგემართოთ და იმ სიმპტომებს, რასაც თქვენში ვხედავ – ადეიშვილიზმის სიმპტომებს, ახლავე მინდა შემოგიძახოთ, რომ განიავდით ცოტა, განიავდით და მიხვდით, ოპოზიცია რასაც გეუბნებათ, ამაში არავითარი პიროვნული მიუღებლობა არ არის. ამაში არის პრობლემის დაყენება და ამაზე საჯაროდ ლაპარაკი აუცილებელია, სანამ დაფორმირდებით სააკაშვილებად და ადეიშვილებად, რა მისწრაფებაც გაქვთ და სიმპტომებიც.

მე მინდა, ჩვენს საზოგადოებას თქვენი სახელით მოვუხადო ბოდიში, რადგანაც ქართველი ხალხი, გატანჯული, დაღლილი, დამცირებული, მოტყუებული არაერთგზის თქვენ მიერ, რომ სამართლიანობას აღადგენთ დღეს, ამ ქაოსს არ უნდა უყურებდეს და კონკრეტულ პროგრამებს უნდა ისმენდეს ხალხი, ჩიხიდან როგორ გამოიყვანთ ამ ქვეყანას. მაგრამ ქვეყანა კი არ გადარდებთ თქვენ. თქვენი სავარძლების და ძალაუფლების შენარჩუნება გინდათ. აი, ეს არის თქვენი საქართველო და ეს საქართველო აუცილებლად გიპასუხებთ იმით, რომ ამ სკამებს დაკარგავთ“, – მიმართა ინაშვილმა კოლეგებს.