ირმა ინაშვილი - ქვეყანაში უკიდურესი სიდუხჭირეა, ხელისუფლება კი, ადამიანებს არწმუნებს, რომ ბედნიერი არიან, გვეჩხუბებიან კიდეც, რატომ არ ვართ ბედნიერი და მადლიერი
ირმა ინაშვილი - ქვეყანაში უკიდურესი სიდუხჭირეა, ხელისუფლება კი, ადამიანებს არწმუნებს, რომ ბედნიერი არიან, გვეჩხუბებიან კიდეც, რატომ არ ვართ ბედნიერი და მადლიერი

ჩვენი მოქალაქეები არიან უკიდურესი სიდუხჭირისა და გაჭირვების წინაშე, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კი, ადამიანებს არწმუნებს, რომ ისინი ბედნიერი არიან, – ამის შესახებ პარლამენტის სესიაზე „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიცე-სპიკერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა.

მისი შეფასებით, პარლამენტის დარბაზში მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან საოცარი განცხადებები კეთდება, თითქოს ყვავის ეკონომიკა და მოსახლეობა ბედნიერია.

„ვფიქრობ, ერთი მთავარი კითხვა უპასუხოდ რჩება. 28 წელია, ყველა ხელისუფლება ამ ქვეყანაში გვპირდება, რომ ააშენებს დემოკრატიულ, თავისუფალ, უსაფრთხო მდიდარ სახელმწიფოს, მაგრამ მთელი ამ წლების განმავლობაში დავკარგეთ ტერიტორიები, უზრუნველყოფილი და დაცული არ გვაქვს უსაფრთხოება დღესაც. ჩვენი მოქალაქეები არიან უკიდურესი სიდუხჭირისა და გაჭირვების წინაშე და ყველა ხელისუფლება, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაც, რომელიც შვიდი წელია, მართავს ქვეყანას, ადამიანებს არწმუნებს, რომ ბედნიერი არიან. მეტსაც გეტყვით, ამ ტრიბუნიდან ხშირად გვეჩხუბებიან კიდეც, რატომ არ ვართ ბედნიერი საქართველოს მოქალაქეები, რატომ არ ვართ მადლიერი, რომ ასე ყვავის თურმე ჩვენი ეკონომიკა. სირცხვილია ეს“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მისი შეფასებით, საკვებ პროდუქტებზე, მათ შორის ბოსტნეულზე არსებული ფასებიდან გამომდინარე, საოცარია, როგორც ახერხებენ ოჯახები გამოკვებას.

„ქართველი ერი დგას პირდაპირი გენოციდის საფრთხის წინაშე და საუბარი, რომ ეკონომიკა იზრდება და ციფრები, რასაც აქ აბრახუნებენ მთავრობის წევრები, არის ჰაერი და მეტი არაფერი. სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას თავისი მოქალაქეები, ვალდებულია არ იყოს შიმშილი ქვეყნაში, ვალდებულია შექმნას და ხელი შეუწყოს ოჯახური წვრილი ბიზნესის განვითარებას და მშპ-ს ერთი პროცენტი სავსებით საკმარისია, რომ წელიწადში 10 000 ოჯახს დავეხმაროთ წვრილი, პატარა ბიზნესის აწყობაში“, – განაცხადა ვიცე-სპიკერმა.

ირმა ინაშვილის განმარტებით, აღნიშნული საშუალებას მისცემს 10 000 ოჯახს დაიცვას საკუთარი ოჯახი და დაასაქმოს ადამიანებიც.

მან ამ კონტექსტში თავდაცვის სფეროს დაფინანსებისთვის გამოყოფილ თანხებზე გაამახვილა ყურადღება.

„მთლიანი შიდა პროდუქტის 2.2 პროცენტი წინსწრებით, მოხალისურად გამოყოფილია ნატო-ს სტანდარტის თანახმად თავდაცვაზე. არავინ ამბობს, რომ თავდაცვა არ უნდა დაფინანსდეს, მაგრამ ეს სტანდარტი, 2 პროცენტი სავალდებულოა ნატო-ს წევრი ქვეყნებისთვის და არა ჩვენი ტიპის ქვეყნისთვის, რომელიც არ არის და არც აქვს პერსპექტივა, გახდეს ნატო-ს წევრი. ჩვენ უნდა გამოვიდეთ ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან. თავდაცვაც, ინფრასტრუქტურაც, ეკონომიკაც გვჭირდება ცოცხალი ადამიანებისთვის. თუ ქართველი ერი და საქართველოს მოქალაქეები არ იარსებებენ, რაში გვჭირდება თავდაცვა, მთავრობა ან ეს პარლამენტი. აბსოლუტურად უინტერესოა ამ პარლამენტში ყოფნა“, – განაცხადა ინაშვილმა.

მისი თქმით, პარლამენტში არ მიიღება კანონები, რაც სასიცოცხლოა ქართველი ერის ფიზიკური გადარჩენისთვის .

„უამრავი კანონია, მაგრამ არა ის კანონი, რაც ქართველ ერს დაიცავს შიმშილისა და სიდუხჭირისგან“, – აღნიშნა ირმა ინაშვილმა.