ირმა ინაშვილი „ქართულ ოცნებასა“ და „მოქალაქეებს“ შორის გაფორმებულ მემორანდუმს პოლიტიკურ სპექტაკლს უწოდებს
ირმა ინაშვილი „ქართულ ოცნებასა“ და „მოქალაქეებს“ შორის გაფორმებულ მემორანდუმს პოლიტიკურ სპექტაკლს უწოდებს

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი „ქართულ ოცნებასა“ და „მოქალაქეებს“ შორის გაფორმებულ მემორანდუმს პოლიტიკურ სპექტაკლს უწოდებს.

მისივე შეფასებით, შეთანხმება ფართო კონსენსუსის საგანი უნდა იყოს და არა ორ სუბიექტს შორის.

„ქართულ ოცნებასთან“ აღარაფერი მაქვს სალაპარაკო, მას ჩვენ ვესაუბრებით ბრიფინგების საშუალებით. თუნდაც მემორანდუმი, ეს ხომ კომედიაა და პოლიტიკური სპექტაკლის რაღაც ეპიზოდი, რა მემორანდუმზე ვლაპარაკობთ, რომელიც გაფორმდა „ქართულ ოცნებასა“ და ერთ პარტიას შორის, რა მემორანდუმია, რატომ უნდა იყოს ეს მემორანდუმი საინტერესო. ჩვენ ელექტრონულ არჩევნებზე ვლაპარაკობთ 1999 წლიდან. ეს სინამდვილეში „ქართული ოცნების“ მემორანდუმია და არანაირად არ არის ჩვენთვის საინტერესო. ორ ტიპს შორის კი არ უნდა ხდებოდეს მოლაპარაკება, ფართო კონსესუსის საგანი უნდა იყოს შეთანხმება, რომელიც შედგება“, – განაცხადა ინაშვილმა.

ირმა ინაშვილის თქმით, ერთი და ორი დეპუტატის პარლამენტში შესვლა მას ლეგიტიმაციას ვერ მიანიჭებს, რადგან გაყალბებული არჩევნებით არის ფორმირებული.

„ერთი და ორი დეპუტატის პარლამენტში შესვლა მოცემულობას არ ცვლის. ეს პარლამენტი ფორმირებულია გაყალბებული არჩევნების გზით, მას არც ერთ ვარიანტში არ შეემატება არც წონა და არც ლეგიტიმაცია. ამიტომ შევა თუ არა კონკრეტული პირი, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენი ამოცანაა, ვიმოქმედოთ რათა ქვეყანაში დანიშნოს ახალი არჩევნები. ამისთვის კონკრეტულად ჩვენი პარტია იწყებს მობილიზაციას მთელი საქართველოს მასშტაბით, მე პირადად მექნება შეხვედრები ყველა რეგიონში, უნდა შევხვდეთ ადამიანებს, ავუხსნათ, რა ხდება ქვეყანაში“, – განაცხადა ინაშვილმა.

ქუჩის აქციებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ, მან აღნიშნა, რომ საპროტესტო აქცია პარტიული საქმიანობის ფორმა და დემოკრატიული პროცესის ერთ-ერთი ელემენტია.

გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ და „მოქალაქეებმა“ მემორანდუმი გააფორმეს, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას გულისხმობს. აღნიშნულ საკითხზე შეთანხმების მიღწევის შემდეგ, ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს.