ირმა ინაშვილი პრემიერ-მინისტრს მიმართავს, გადახედოს თავის დღის წესრიგს და ინტერპელაციის კითხვებს არა პარლამენტში, არამედ წერილობით უპასუხოს
ირმა ინაშვილი პრემიერ-მინისტრს მიმართავს, გადახედოს თავის დღის წესრიგს და ინტერპელაციის კითხვებს არა პარლამენტში, არამედ წერილობით უპასუხოს

ინტერპელაციის ამ ფორმატს დატვირთვასა და მნიშვნელობას ვუუფასურებთ, – ამის შესახებ „პატრიორტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ვიცე-სპიკერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა პარლამენტის სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით დღეს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს უსმენენ.

მისი თქმით, მთავარია, რა ინფორმაცია მიიღო ამით ხალხმა და რა მიიღო პარლამენტმა.

„პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ინტერპელაციის ამ ფორმატს ჩვენ ვუუფასურებთ დატვირთვასა და მნიშვნელობას. ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ფორმატის სიკეთე შევინაჩუნოთ, მაგრამ რეჟიმი, რაც არის წარმოდგენილი, მართლა სამარცხვინოა. ვთქვათ ჩატარდა ინტერპელაცია, მობრძანდა პრემიერი და დავიშალეთ. გეკითხებით დღეს, რა მივიღეთ ჩვენ, რა ინფორმაცია მიიღო ხალხმა? როდესაც პრემიერს ვიწვევთ, ვწყვეტთ უმნიშვნელოვანესს საკითხებს, სახელმწიფოებრივ საკითხებს, ვიწვევთ პარლამენტში და მერე არაფერი არ რჩება აქედან, რჩება ჰაერი“, – განაცხადა ვიცე-სპიკერმა.

მან პრემიერს მოუწოდა, საკუთარ დღის წესრიგს გადახედოს და მსგავსი ტიპის კითხვებს, რაც ინტერპელაციის წესით მიიღო, შემდეგში წერილობით უპასუხოს.

მისი თქმით, სირცხვილია, რომ ქვეყანაში არსებული ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევების ფონზე, მთავრობა და პარლამენტი სხედან დარბაზში და განსაზღვრულ წუთებში საუბრობენ. მისი შეფასებით, ეს შეურაცხმყოფელია, როგორც პრემიერისთვის, ისე პარლამენტისთვის.

„ვფიქრობ, ბატონო პრემიერო, თქვენც უნდა გადახედოთ თქვენს დღის წესრიგს და სხვა დროს, როდესაც ასეთი ტიპის შეკითხვები შემოგივათ, შეგიძლიათ წერილობით გასცეთ პასუხი, რადგან ქვეყნის წინაშე არის ძალიან ბევრი გამოწვევა, მე არავის კითხვებს არ ვუკრიტიკებ. აქ არის სიღარიბის პრობლემა, ბავშვები შიმშილით გვეხოცება და ვერ გავიგე, მთელი მთავრობა და პარლამენტი აქ ვსხედვართ და მართლა სირცხვილი არ არის რომ სკოლებში ნისიების რვეული იყოს და ბავშვებს ფუნთუშა ენატრებოდეთ? ასეთი მნიშვნელოვანი საკითხები გვაქვს და კროსია თუ რა არის, ვერ გავიგე, ქალბატონო თამარ, რომ 2 წუთში-3 წუთში, შეურაცხმყოფელია ასეთი რეჟიმი, როგორც პრემიერისთვის, ისე პარლამენტისთვის“, – მიმართა ირმა ინაშვილმა პირველ ვიცე-სპიკერ თამარ ჩუგოშვილს.

მისი თქმით, ინტერპელაციის ფორმატს რომ მნიშვნელობა არ დაეკარგოს, აღნიშნული სქემა უნდა შეიცვალოს.

„გაცვდება ეს ყველაფერი და მერე აზრს დაკარგავს, ამიტომ, მოგიწოდებთ, ამ თვალთმაქცობას უბრალოდ დავანებოთ თავი, რეალური ბერკეტები გამოვიყენოთ“, – განაცხადა ინაშვილმა.

ამასთან, მან მამუკა ბახტაძეს მიმართა, შექმნას სახელმწიფო კომისია, რომელიც სიღარიბის დაძლევაზე იმუშავებს.

„პრემიერს მინდა მივმართო, შექმენით სახელმწიფო კომისია, შემიყვანეთ მე, ჩემი კოლეგები, ვისაც ამის სურვილი აქვს, დავიწყოთ რეალური მუშაობა ქვეყანაში სიღარიბის დასაძლევად, ბავშვები ვიხსნათ შიმშილისაგან, ეს არის უმნიშვნელოვანესი. ვიცი, გამოცხადებული გაქვთ მთავარი პრიორიტეტი იქნება სიღარიბის დაძლევა, აგვიხსენით როგორ აპირებთ ამას. თუ არ იცით, ჩვენთან ერთად რაღაც ნაბიჯები გადადგით, ჩვენც თუ არ ვიცით, სხვა მცოდნე ხალხი მოვიწვიოთ, დროს რაში ვკარგავთ ხალხო“, – მიმართა პარლამენტის დარბაზში მყოფებს ირმა ინაშვილმა.

მისი თქმით, პრემიერს შეეძლო დეპუტატების მიერ გაგზავნილ კითხვებზე წერილობით ეპასუხა.

„ამ შეკითხვებზე წერილობითი პასუხიც შეგეძლოთ გაგეცათ ამ ხალხისთვის და დამთავრდებოდა, მაგრამ მერე პოლიტიკურ პოპულიზმს, ქულების ჩაწერას, ამას რა ვუყოთ? ამიტომ ჩემი მოკრძალებული რჩევაა პარლამენტისადმი, რომელიც პრაქტიკულად უზურპირებულია, კომიტეტებზე არ მოდიან მინისტრები, მინისტრები რომ კომიტეტის სხდომებზე მოდიოდნენ, არ იქნება ასეთი ტიპის ინტერპელაციები საჭირო, ყველა თავს არიდებს ამას და კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რეალურად ვიმუშაოთ, თუ გვინდა ქვეყანას დავეხმაროთ, თუ არა და, მაგალითად მე, აქ ლაყაფისთვის არ ვზივარ “, – განაცხადა ირმა ინაშვილმა სხდომაზე.

დატოვე კომენტარი