ირმა ინაშვილი - პირველი ვიყავი, ვინც ღიად თქვა, რომ პარლამენტში პრობლემაა
ირმა ინაშვილი - პირველი ვიყავი, ვინც ღიად თქვა, რომ პარლამენტში პრობლემაა

პირველი ვიყავი, ვინც ღიად თქვა, რომ პარლამენტში პრობლემაა. ის პირველივე დღეებიდან ხუთი-ექვსი კაცის მიერ იყო უზურპირებული, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის მართვის სტილი და მენეჯმენტი არა მხოლოდ არაეფექტური, არამედ ქართული სახელმწიფოსთვის, პარლამენტარიზმისა და ქართული დემოკრატიის შემდგომი განვითარებისთვის საზიანოა.

„პარლამენტის თავმჯდომარეს ვიცე-სპიკერებთან სამუშაო შეხვედრა არასდროს ჰქონია. არ ვიცი, სერგი კაპანაძეს ირაკლი კობახიძისგან რა მიმართულება აქვს ჩაბარებული. შესაძლოა, რაღაც კონკრეტულ მიმართულებას კურირებს, მაგრამ საერთო მართვას რაც შეეხება, მაგალითად, აბსოლუტურად არ აქვს ფუნქცია ვიცე-სპიკერს აჭარიდან, ბატონ ილია ნაკაშიძეს, რომელსაც აჭარისთვის ბევრი სასიკეთო რამის გაკეთება შეუძლია, რადგან მაღალი დონის პროფესიონალი და არაჩვეულებრივი ადამიანია“, – განაცხადა ინაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, აღმოჩნდნენ თუ არა გიორგი კვირიკაშვილი და ირაკლი კობახიძე დაპირისპირების სხვადასხვა მხარეს, ირმა ინაშვილმა აღნიშნა, რომ ის გუნდის წევრი არ არის და შესაბამისად, გუნდის შიდა პრობლემებზე საუბარი არ შეუძლია, მაგრამ შეუძლია, პარლამენტის პრობლემაზე ისაუბროს, სადაც ხუთი-ექვსი კაცის, კობახიძე-მდინარაძე-ზარდიაშვილების დაჯგუფების პრობლემა დგას. 

„ესენი არიან ნეოკომკავშირლები და ახალი ტიპის ბორის ძნელაძეები. ამ ადამიანებისთვის ნებისმიერი განსხვავებული აზრი, ოპოზიციის მთელ რიგ საკითხებში ჩართულობა და შეთავაზებული სიახლეები აბსოლუტურად მიუღებელია. ისინი მხოლოდ ბოკერიას ჯგუფთან არიან ადაპტირებული და შერწყმული. ბოკერია-უგულავას შემადგენლობასთან არაჩვეულებრივად თანაცხოვრობენ და მათთან ახალი ტიპის კოჰაბიტაცია აქვთ“, – განაცხადა ინაშვილმა.

ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, გულისხმობს თუ არა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი თანაცხოვრებაში მათ მიერ რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივის ერთად გატანას, ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ ისინი პარლამენტის ცხოვრების არა მხოლოდ ღია ნაწილში თანამშრომლობენ, არამედ – კულუარებშიც.

ირმა ინაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია, პარლამენტის წევრს ბიოგრაფია ჰქონდეს, ხუთი-ექვსი ადამიანი კი ვისაც პარლამენტი უზურპირებული აქვს, სრულიად უბიოგრაფიო ხალხია.

„როცა უკვე ჩამოყალიბებული ხარ და ადეიშვილის დავალებებს ასრულებ, ეს შეცდომა არ არის. თუ ისეთ შეცდომას უშვებ, რომ როცა შენს ქვეყანას უჭირს, ბოროტებას ეკვრები, დღეს უფლება არ გაქვს, პარლამენტი ხელში გყავდეს, მდინარაძეს ვგულისხმობ. „ქართული ოცნებიდან“ პარლამენტის იმ წევრებს რაც შეეხება, რომლებიც სააკაშვილის დროს დემოკრატიისთვის იბრძოდნენ, ისინი ჩემი მეგობრები და თანამოაზრეები არიან“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.