ირმა ინაშვილი - პარლამენტის თბილისში დაბრუნების შემთხვევაში, დეპუტატებს მივლინებისთვის გათვალისწინებული დანამატი არ უნდა შეუნარჩუნდეთ
პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი ფიქრობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ საკანონმდებლო ორგანო თბილისში დაბრუნდება, დეპუტატებს მივლინებისთვის გათვალისწინებული დანამატი არ უნდა შეუნარჩუნდეთ.
როგორც ჟურნალისტებს ინაშვილმა განუცხადა, პარლამენტის წევრები ადგილსამყოფელზე საუბარს ერიდებიან, რადგან არ სურთ, რომ საკუთარი გულწრფელი პოზიცია დააფიქსირონ და ქუთაისელებს გული ატკინონ.
„ჩვენი ვარიანტი იყო, რომ სხდომები თბილისსა და ქუთაისში ჩატარებულიყო, მაგრამ მეტი დატვირთვა თბილისზე ყოფილიყო, როგორც სტრასბურგი-ბრიუსელია ისე. ასეთი სიხშირით გადაადგილება ძალიან რთულია და დიდ სახსრებთან არის დაკავშირებული. როცა ამდენი მშიერი ადამიანი გვყავს, უხერხულია, პარლამენტის წევრთა მუდმივ გადაადგილებაზე ასეთი სახსრები იხარჯებოდეს თბილისსა და ქუთაისს შორის. რატომ უნდა შეუნარჩუნდეთ დანამატი, თუ ქუთაისში აღარ ივლიან? ეს თანხა უნდა დაიზოგოს და გაჭირვებულ ადამიანებს მოხმარდეს”, – განაცხადა ინაშვილმა.
პირველმა არხმა დღეს მოიპოვა ინფორმაცია, რომ პარლამენტი თბილისში სრულად დაბრუნდება, ქუთაისში მდებარე შენობა კი შს სამინისტროს გადაეცემა.
თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობას შსს ერთგვარი ჰაბისთვის გამოიყენებს.