ირმა ინაშვილი - „ოცნება“ თუ გაბედავს და არჩევნებში დაიწერს 60 პროცენტს, ხოლო სააკაშვილ-ბოკერიას ჯგუფებს მისცემს 20 პროცენტს, მიიღებს ნამდვილ რევოლუციას
ირმა ინაშვილი - „ოცნება“ თუ გაბედავს და არჩევნებში დაიწერს 60 პროცენტს, ხოლო სააკაშვილ-ბოკერიას ჯგუფებს მისცემს 20 პროცენტს, მიიღებს ნამდვილ რევოლუციას

არჩევნების მასობრივი გაყალბების წინააღმდეგ ერთადერთი ჯანსაღი რეაქცია არის რევოლუცია, რომელსაც „ქართული ოცნება“ აუცილებლად მიიღებს, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს იქნება ნამდვილი რევოლუცია, პროტესტი და რეაქცია ქართველი ხალხისა იმ შედეგებზე, რომელსაც ირაკლი კობახიძე წინასწარ ასაჯაროებს.

„ნიადაგია მოსინჯული, რამდენად მიიღებს პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოება ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებულ პროგნოზს. არ მიიღებს ამას საზოგადოება და ჩვენ. ვეუბნები „ქართულ ოცნებასაც“, მის მმართველ ელიტას, ასევე ცალკეულ ლიდერებს, რომ თუ თქვენ გაბედავთ და 2020 წლის არჩევნებში დაიწერთ 60 პროცენტს და დაუწერთ 20 პროცენტს სააკაშვილისა და ბოკერიას პოლიტიკურ ჯგუფებს, „საქართველოს პატრიოტები“ ქართველ ხალხთან ერთად მოგიწყობთ თქვენ ნამდვილ რევოლუციას. ამას ვაცხადებთ სრული პასუხისმგებლობით. ეს არ იქნება ის საპროტესტო აქციები, რასაც „ქართულ ოცნებასთან“ შეხმატკბილებული და კოაბიტირებული ბოკერია-სააკაშვილის ჯგუფები უწყობენ ხოლმე „ქართულ ოცნებას“. ეს იქნება ნამდვილი რევოლუცია და ნამდვილი პროტესტი, რეაქცია ქართველი ხალხისა იმ შედეგებზე, რომელსაც წინასწარ ასაჯაროებს ირაკლი კობახიძე.

პირდაპირ შემიძლია ვუთხრა კობახიძეს და „ქართულ ოცნებას“, რომ დღეს იმდენად მძიმე და დაზიანებულია მათი რეიტინგი, არ მგონია, ვინმეს სურვილი ჰქონდეს „ქართულ ოცნებასთან“ რაიმე ტიპის თანამშრომლობის. ჩვენ ყოველ შეთხვევაში არასდროს გამოგვიხატავს ეს სურვილი და არ შეგვითავაზებია მისთვის არავითარი პარტნიორობა და თანამშრომლობა. ამიტომ, წითელ ხაზს ჩვენ ვუვლებთ „ქართულ ოცნებას“, კობახიძეს და სხვებს.

„ქართული ოცნება“ თუ  თავს არ დაანებებს ამ გაზვიადებული, ჰაერიდან მოტანილი მონაცემების გავრცელებას, წინასწარ საზოგადოებას შეცდომაში შეყვანის მცდელობას, ჩვენ წინასწარ ვეუბნებით მათ, რომ ე.ი. თქვენ აპირებთ არჩევნების მასობრივ გაყალბებას. არჩევნების მასობრივი გაყალბების წინააღმდეგ ერთადერთი ჯანსაღი რეაქცია არის რევოლუცია, რომელსაც „ქართული ოცნება“ აუცილებლად მიიღებს „საქართველოს პატრიოტებისა“ და ქართველი ხალხის მხრიდან“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

დატოვე კომენტარი