ირმა ინაშვილი - ნულს ყოველთვის უნდა უთხრა, რომ არის ნული
ირმა ინაშვილი - ნულს ყოველთვის უნდა უთხრა, რომ არის ნული

არ დავდგებით ჩვენ იქ, სადაც ბოკერიასა და სააკაშვილის ჯგუფია, რადგან ბოროტ ძალასთან ერთად სამართლიანობის აღდგენა წარმოუდგენელია, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა.

როგორც ირმა ინაშვილმა აღნიშნა, სააკაშვილ-ბოკერიების შექმნილმა ფორმატმა უკვე დისკრედიტაცია განიცადა და არის მცდელობა, რომ ამ ერთობას მიაწერონ „პატრიოტთა ალიანსიც“, რაც არ გამოუვათ.

„არ დავდგებით ჩვენ იქ, სადაც ბოკერიასა და სააკაშვილის ჯგუფია, რადგან ბოროტ ძალასთან ერთად სამართლიანობის აღდგენა წარმოუდგენელია. მე ირმა ინაშვილი არასდროს ვყოფილვარ იმ მაგიდასთან, სადაც 30 პარტიაა და არ ვიქნები. კახა კუკავას ვპასუხობ, რომელიც ამ დღეების განმავლობაში მუდმივად ცდილობს იმ 30 პარტიის ერთობას მიმაკეროს. ბატონი კუკავაც არის სააკაშვილ-ბოკერიების გეგმის ნაწილი და მათი „შნირი“, პირდაპირ ამ ტერმინს ვიყენებ, ის ცრუპენტელაა. სააკაშვილ-ბოკერიებს, კუკავას, „მთავარ არხს“ მცდელობა აქვთ, „პატრიოტთა ალიანსი“ ამ საერთო კონტექსტს მიაკერონ, რადგან უკვე დისკრედიტაცია განიცადა მათმა ფორმატმა და ერთობამ. ახლა კუკავასაც და სხვებსაც გამოძრომა უნდათ იქიდან. კუკავას მინდა ვუთხრა, თავის დროზე როცა ერთიანი ბლოკი გვქონდა, ნული და სრული არარაობა კუკავა – ისევ ჩვენ გავაცოცხლეთ, გამოვიტანეთ პოლიტიკურ ველზე, ეს თურმე შეცდომა იყო. ნულს ყოველთვის უნდა უთხრა, რომ ნულია“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.