ირმა ინაშვილი - ნატო ჩხეიძემ უკვე გააკეთა საკუთარი არჩევანი „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ
ირმა ინაშვილი - ნატო ჩხეიძემ უკვე გააკეთა საკუთარი არჩევანი „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერს, ირმა ინაშვილს მიაჩნია, რომ ნატო ჩხეიძემ უკვე გააკეთა საკუთარი არჩევანი „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ. ინაშვილი ამ ამ არჩევანში უკვე ყოფილ თანაგუნდელს წარმატებებს უსურვებს.

„ქალბატონ ნატოს მინდა ვუსურვო მხოლოდ წარმატებები. მე არ მაქვს არავითარი წყენა ან გაბრაზება მასზე. მისი არჩევანია, სად იქნება. მათ გააკეთეს მკაფიო არჩევანი- ეს არის „რუსთავი 2“ და „ნაციონალური მოძრაობა“. მე მათ წარმატებას ვუსურვებ, ჩემი არჩევანი არ არის ,,ნაციონალური მოძრაობა” და „რუსთავი 2“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მისივე განმარტებით, მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების სიხარული იმასთან დაკავშირებით, რომ ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსი” იშლება, ნაადრევია.

ინაშვილი ნატო ჩხეიძის ფრაქციიდან გასვლას პოლიტიკური პროცესის ნაწილად მიიჩნევს და ამაში ტრაგედიას ვერ ხედავს.

„ჩვენი ფრაქცია შეივსება, დარწმუნებული ვარ, გამოჩნდება ღირსეული დეპუტატი, რომელიც გაწევრიანდება ჩვენს ფრაქციაში და განვაგრძობთ ერთობლივად საპარლამენტო საქმიანობას, თუ ასეთი დეპუტატი არ გამოჩნდება, მე ტრაგედიას ვერც იმაში ვხედავ დამოუკიდებელ დეპუტატებად, მაგრამ ერთ გუნდად განვაგრძოთ ჩვენი საპარლამენტო საქმიანობა”,- აღნიშნა ინაშვილმა.

,,პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ამბობს, რომ ამ ეტაპზე კონსულტაციები ან მოლაპარაკებები არავისთან არ მიმდინარეობს. როგორც იგი განმარტავს, ეს არის საჯარო პროცესი და თუკი რომელიმე დეპუტატს სურვილი ექნება შეუერთდეს ,,პატრიოტთა ალიანსს”, ამის თაობაზე განცხადება საჯაროდ უნდა გააკეთოს.

ირმა ინაშვილს მიაჩნია, რომ მმართველი გუნდის რიგებშიც არიან დეპუტატები, რომლებიც „პატრიოტთა ალიანსის” მოსაზრებებს იზიარებენ და მათ კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ.

„ჩვენც გვაქვს ჩვენი კრიტერიუმები – ეს ადამიანი უნდა იზიარებდეს ჩვენს ხედვას, უნდა იყოს ჩვენი ბრძოლის ნაწილი და ის გზაც გავლილი უნდა ჰქონდეს, რაც სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ გავიარეთ”,- განმარტა ირმა ინაშვილმა.