ირმა ინაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია იქნება მარტივი ტესტი, დარწმუნდეთ იმაში, რომ ყველაფერი გაცილებით მზაკვრულადაა ჩაფიქრებული, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს
ირმა ინაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია იქნება მარტივი ტესტი, დარწმუნდეთ იმაში, რომ ყველაფერი გაცილებით მზაკვრულადაა ჩაფიქრებული, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს

კვირა იქნება მარტივი ტესტი, რათა დარწმუნდეთ იმაში, რომ ყველაფერი გაცილებით მზაკვრულადაა ჩაფიქრებული, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს, – განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „საპრეზიდენტო არჩევნები 2018“.

„პირდაპირ გეუბნებით, პარტია, რომელსაც 780 000 მხარდამჭერი და ამომრჩეველი ჰყავს, დღეს, ფილარმონიაში არ უნდა იკრიბებოდეს. მთავარი ტესტი ზუსტად ეს არის. 780 000-დან თავისუფლად უნდა შეგეძლოს, ფილარმონიის 2 300-კაციან დარბაზში კი არ შეხვიდე, არამედ გამოხვიდე და აგერ, სტადიონი გაავსო, სადაც 70 000 კაცი დადგება. თუ ეს 780 000 ადამიანი რეალურად არსებობს, ვინც მათ მხარი დაუჭირა, მაშინ, ქუჩაში 100 000-მდე ადამიანი უნდა გამოიყვანონ, მაგრამ მოვა კვირა და ნახავთ, რომ მობილიზაცია მთელი საქართველოს მასშტაბით იქნება გაკეთებული და 10 000 ადამიანის შეკრებაც კი გაუჭირდებათ“, – განაცხადა ინაშვილმა.

მისი თქმით, ისმის კითხვა, როგორ აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ მარადიულად 40% ქვეყანაში, რომელიც ევროპისკენ ილტვის, მაშინ, როცა მსოფლიო პოლიტიკაში ევროპელ, თუ ამერიკელ ლიდერებსა და პარტიებს რეიტინგი ეცვლებათ, ხან ეზრდებათ და ხან უმცირდებათ.

„დააკვირდით არჩევნებზე მომსვლელთა რაოდენობას. მოვა მილიონი კაცი, მილიონ ორასი ათასი, თუ ორი მილიონი, ეს 40% აქვთ და არ ეცვლებათ. გარწმუნებთ, არჩევნებზე ხუთი ამომრჩეველიც რომ მოვიდეს, მაგათ მაინც 40%-ს დაუწერენ. არადა, დამწყები სტუდენტიც რომ მოიყვანოთ, გეტყვით და მარტივად აგიხსნით, რომ პროპორცია ლოგიკურად უნდა იცვლებოდეს. ჰოდა, კითხვა მაქვს, ეს როგორ ხდება, როცა მარტივი მათემატიკაა?! მე მაქვს ძალიან საფუძვლიანი ეჭვი, რომ „ქართული ოცნება“ ისეთ საარჩევნო პროცესს მართავს, მათ ხმებს უნაწილებს“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

როგორც ინაშვილმა განაცხადა, ახლა, სასიხარულო ის მოხდა, რომ ქართველმა ხალხმა თავისი ნება გამოხატა, სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა და ეს ძალიან კარგია, მაგრამ წინ ბრძოლა გველის.

„რას ნიშნავს 780 000, რას ნიშნავს 40%, ეს რა არის და რასთან გვაქვს საქმე?! რას ნიშნავს ის, რომ ეს ღია კითხვები არის, მაგრამ პასუხს ვერ გვცემენ?! „ქართულ ოცნებას“ ახლა რომ დასჭირდა, ისინი მწამებლებადაც გამოაცხადეს და კრიმინალურ პოლიტიკურ ჯგუფადაც, რასაც მივესალმები, მაგრამ დალოცვილებო, ექვსი წელია ჩვენც მაგას არ ვამბობთ?! თუ კრიმინალური პოლიტიკური ჯგუფია, არჩევნები უკვე დამთავრდა, მოდით, ვნებათაღელვა ჩავაქროთ, ყველ დამშვიდდეს და ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ამ საკითხს სამართლებრივად მივუდგეთ, საქმეების გამოძიება დავიწყოთ და და დამნაშავეები დაისაჯონ“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.