ირმა ინაშვილი - მმართველი გუნდის წინადადება აბსოლუტურად არ არის კავშირში პროპორციულ სისტემასთან
ირმა ინაშვილი - მმართველი გუნდის წინადადება აბსოლუტურად არ არის კავშირში პროპორციულ სისტემასთან

მმართველი გუნდის მიერ დღეს შემოთავაზებული წინადადება აბსოლუტურად არ არის კავშირში პროპორციულ სისტემასთან, აქ საუბარია, რომ მარადიულად დარჩეს შერეული მოდელი და ყოველი შემდგომი არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდეს, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გაგრძელდება.

„ჩვენი პოლიტიკური გუნდი ლაპარაკობს იმაზე, რომ სწორედ 2020 წელს გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე, ეს არის ჩვენი მოთხოვნა. ამავდროულად ვსაუბრობთ, რომ შემოვიდეს დამატებითი ელემენტი, სავალდებულო გახდეს არჩევნებში მონაწილეობა, პლუს განხორციელდეს ცვლილებები საარჩევნო კოდექსში და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება გახდეს სისხლის სამართლის კატეგორიის დანაშაული. ჩვენ მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობის კი არ გვეშინია, რომ ვერ გავიმარჯვებთ, აქ პრობლემა ის არის, რომ ორჯერ გავიმარჯვე და ორჯერ წამართვეს გამარჯვება. მესამედ მინდა, რომ ქვეყანაში იყოს სხვა რეალობა, არა ის რაც მოხდა საგარეჯოში. ამიტომ, გაგრძელდება ეს დიალოგი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველა წინადადება რჩება მაგიდაზე და ვნახოთ, როგორ განვითარდება პროცესი. შემდეგი რაუნდი, სავარაუდოდ, გაიმართება იანვარში, ანუ ყველა წინადადება დევს მაგიდაზე და არის ძალაში“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მმართველი გუნდი ინიციატივით გამოდის, პარლამენტში მაჟორიტარული მანდატების რაოდენობა 50-მდე შემცირდეს.

ამასთან, როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განმარტა, მმართველი გუნდის ინიციატივა არა მხოლოდ 2020 წლის, არამედ შემდგომ არჩევნებსაც ეხება.