ირმა ინაშვილი - მიმაჩნია, რომ კოალიციაზე  საუბარი ახლა არის ნაადრევი, რა და როგორ იქნება, ამას ვნახავთ არჩევნების შემდეგ
ირმა ინაშვილი - მიმაჩნია, რომ კოალიციაზე  საუბარი ახლა არის ნაადრევი, რა და როგორ იქნება, ამას ვნახავთ არჩევნების შემდეგ

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი კოალიციური მთავრობის შექმნასთან დაკავშირებით პრემიერის განცხადებას შეკითხვით პასუხობს.

ირმა ინაშვილისთვის გაუგებარია, რატომ არ არიან დასჯილები ის პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც პრემიერ-მინისტრმა თავის განცხადებაში ღიად მოიხსენია დანაშაულებრივ ჯგუფებად.

„მაშინ, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები და ამ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ დანაშაულებრივ ძალებთან არ ითანამშრომლებს, მეც მაქვს ამ შემთხვევაში ლოგიკური შეკითხვა. თუ აძლევ ასეთ პირდაპირ და მკაფიო კვალიფიკაციას, რომ დამნაშავე ძალები არიან, ყველამ იცის ვინ არიან ისინი ბოკერიას და სააკაშვილის პოლიტიკური ჯგუფები, მაშინ რატომ არ დასაჯე დამნაშავეები, რატომ არ სჯის მათ, რატომ აგრძელებს მათთან თანამშრომლობას“, – განაცხადა პირველ არხთან საუბრისას ირმა ინაშვილმა.

რაც შეეხება იმას, ითანაშრომლებს თუ არა „პატრიოტთა ალიანსი“ „ქართულ ოცნებასთან“ იმ შემთხვევაში, თუ 2020 წლის არჩევნების შემდგომ დღის წესრიგში კოალიციური მთავრობის ფორმირება დადგება, ინაშვილი ამბობს, რომ ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

„მიმაჩნია, რომ კოალიციაზე და სხვადასხვა ტიპის კონფიგურაციებზე საუბარი ახლა არის ძალიან ნაადრევი. რა იქნება და როგორ იქნება, ამას ჩვენ ვნახავთ არჩევნების შემდეგ. ვინ გადალახავს ბუნებრივ ბარიერს და ვინ ვერა, რადგან არც ბუნებრივი ბარიერის გადალახვა იქნება სხვადასხვა ტიპის პარტიებისთვის ადვილი“, –  განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა.

ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ ძალები, ვისთანაც „პატრიოტთა ალიანსი“ დანამდვილებით არასოდეს ითანამშრომლებს სააკაშვილისა და ბოკერიას პოლიტიკური ჯგუფები არიან. ინაშვილი საკუთრი პოლიტიკური გუნდის საგარეო კურსზე საუბრობს და ამბობს, რომ „პატრიოტთა ალიანსი“ ევროპას და სამხედრო მიუმხრობლობას უჭერს მხარს და შვეიცარიის, ფინეთის, შვედეთისა და ავსტრიის მოდელებს ემხრობა.

„ჩვენ ვნახეთ, რომ სწორედ დასავლურობის ნიღბის ქვეშ ეს პოლიტიკური ჯგუფები ხელისუფლებაში ყოფნისას საბოლოოდ ტერორზე ამყარებდნენ სახელმწიფოს მართვას. დღესაც, რეალურად არიან ბოლშევიკები დასავლურობის ნიღბის ქვეშ. ჩვენ ვართ ეროვნული ძალა, ჩვენ ვართ ზომიერი კონსერვატორები, ჩვენი ინტერესი არის ქართული ინტერესის დაცვა და სიმართლე გითხრათ სულ არ მაინტერესებს, ვინ რა იარლიყზე იფიქრებს, ვის რა მიაკეროს“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.