ირმა ინაშვილი - მიდის აქტიური მხარდაჭერა ბოკერიებისა და სააკაშვილების, ჩვენი მთავარი გზავნილია, შეწყდეს მწამებელთა მხარდაჭერა, ეს ძალიან აბრაზებს ქართველ ხალხს
ირმა ინაშვილი - მიდის აქტიური მხარდაჭერა ბოკერიებისა და სააკაშვილების, ჩვენი მთავარი გზავნილია, შეწყდეს მწამებელთა მხარდაჭერა, ეს ძალიან აბრაზებს ქართველ ხალხს

ჩვენი გზავნილია, რომ ქართველ ხალხს დაუგდოს ყური საერთაშორისო პარტნიორმა, ეს იქნება ამერიკა, თუ ევროპის რომელიმე ქვეყანა, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, 10 სექტემბერს მის მიმართ დაირღვა სიტყვის თავისუფლებისა და გამოხატვის უფლება.

როგორც ინაშვილი ამბობს, „პატრიოტთა ალიანსი“ საპროტესტო აქციებს გააგრძელებს.

„დღეს დემოკრატიის საერთაშორისო დღეა. ძალიან სიმბოლური და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მშვიდობიანი შეკრება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან სწორედ ამ დღეს დაემთხვა. 10 სექტემბერს სასტუმრო „რუმსში“ ჩემს მიმართ დაირღვა სიტყვის თავისუფლების უფლება, გამოხატვის უფლება. ასეთი ფაქტი სხვა დროს აღარ უნდა განმეორდეს. ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს, აშშ-ს საელჩოს დღეს მკაფიოდ ვუთხარით, პატივს ვცემთ ყველა მეგობარს ჩვენი სახელმწიფოსი, მაგრამ ცნობილია და ფაქტია, მრავალი წლის განმავლობაში, 2012 წლიდან დღემდე მიდის აქტიური მხარდაჭერა მწამებელთა პარტიების, ბოკერიების და სააკაშვილების. დღეს მთავარი გზავნილია, შეწყდეს მწამებელთა მხარდაჭერა, რადგან ეს ძალიან აბრაზებს ქართველ ხალხს.

დღეს, შეკრებაზე მოსული იყო ბატონი თამაზ მოლაშვილი. აბა ბატონ თამაზს უთხრას იმ ლიტველმა დეპუტატმა, შეიყვარე ბოკერიაო. ასეთი რამ არ ხდება მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში. იქ დამნაშავეები ისჯებიან. ჩვენი გზავნილია, რომ ქართველ ხალხს დაუგდოს ყური საერთაშორისო პარტნიორმა, ეს იქნება ამერიკა, თუ ევროპის რომელიმე ქვეყანა. ჩვენ ვიმოქმედებთ, რა თქმა უნდა, მთელი ამ თვეების მანძილზე გეგმის მიხედვით. დაანონსებული გვქონდა შეკრებები და ჩვენი პარტია გააგრძელებს ამ საპროტესტო აქციების სერიებს“,- განაცხადა ინაშვილმა.

„პატრიოტთა ალიანსმა“ საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან საპროტესტო აქციას გამართა. ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, მიზეზი 10 სექტემბერს თბილისში გამართული საერთაშორისო კონფერენციაა. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც თბილისში, სასტუმრო „რუსმში“ გაიმართა, „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთ ლიდერს, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერ ირმა ინაშვილსა და ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწე დევიდ კრამერს შორის შელაპარაკება მოხდა.