ირმა ინაშვილი - მედიას აინტერესებს, სად მიმყავდა ნიკა მელია, მას ჩემს კაბინეტში ვეპატიჟებოდი
ირმა ინაშვილი - მედიას აინტერესებს, სად მიმყავდა ნიკა მელია, მას ჩემს კაბინეტში ვეპატიჟებოდი

ნიკა მელია არსად არ მიმყავდა, გარდა ჩემი კაბინეტისა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ფრაქცია “პატრიოტთა ალიანსის” წევრმა, ირმა ინაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.

„როდესაც შევხედე, რომ სიტუაცია იძაბებოდა, ბატონ მელიას გარეთ გასვლისკენ იმიტომ მოვუხმე, რომ მინდოდა, ჩემ ოთახში, მეოთხე სართულზე ამეყვანა და პირისპირ მეთქვა ის ყველაფერი, რისი თქმაც კამერებისა და ჟურნალისტების თანდასწრებით უკვე ზედმეტად მიმაჩნდა. მედიას აინტერესებს, სად მიმყავდა მელია. სად მიმყავდა და მე მას ჩემს კაბინეტში ვეპატიჟებოდი“, – განაცხადა ინაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, დაპირისპირების ამსახველი ჩანაწერის ნახვის შემდეგ, ფიქრობს თუ არა, რომ ზედმეტად რადიკალური იყო, ირმა ინაშვილმა აღნიშნა, რომ დიალოგის რესურსი თავიდანვე არ იყო, რადგან დიალოგი არ შეიძლება მწამებლებთან, ჯალათებთან, კრიმინალებთან და დაპირისპირების, რადიკალიზაციისა და მძიმე ემოციების მიზეზი სწორედ ეს არის.

„არ ვფიქრობ, რომ ჩემი სათქმელი არასწორად ვთქვი და არასწორად გამოვხატე. ის, რაც დღეს პარლამენტში ხდება, კოაბიტაციის შედეგია. ეს არის შედეგი იმისა, რომ ჩვენ გვიწევს ერთ სივრცეში ყოფნა მთელი რიგი დანაშაულებების ჩამდენ ადამიანებთან“, – განაცხადა ინაშვილმა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ორივე ჯგუფი არის კრიმინალურ-დესტრუქციული, ისინი სარგებლობენ პოლიტიკოსის მანტიით და იმით, თითქოს, პარტიების წარმომადგენლები არიან, სინამდვილეში კი პირდაპირი გაგებით კრიმინალები არიან.

„ანომალია ის არის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კოაბიტაცია გამოაცხადა და დღეს, ჩვენ, ადამიანებს, ვინც ცხრა წლის განმავლობაში იმ რეჟიმის მსხვერპლი ვიყავით და დაულეწავი არც ერთი მტევანი, ხელი, ფეხი, ტანი, ხერხემალი და არაფერი არ დაგვიტოვეს, მორალს აქეთ გვიკითხავთ, თურმე, როგორ ველაპარაკებით „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს და კომკავშირის კომიტეტის სხდომას მიწყობთ“, – განაცხადა ინაშვილმა.

ამ განცხადებით ირმა ინაშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რამდენად შეეფერება დეპუტატის, მით უმეტეს, პარლამენტის ვიცე-სპიკერის გამოსვლას ისეთი ფრაზებით საუბარი, როგორიცაა მაგალითად – კრიმინალებო, თავ-ყბა ყველას უნდა დაგინგრიოთ და ა.შ

ირმა ინაშვილმა ამ განცხადების შემდეგ გადაცემა პროტესტის ნიშნად დატოვა.