ირმა ინაშვილი - მარიხუანას ექსპორტის შესახებ პროექტი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა, ის უბრალოდ გადაიდო, საზოგადოება ფხიზლად უნდა იყოს
ირმა ინაშვილი - მარიხუანას ექსპორტის შესახებ პროექტი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა, ის უბრალოდ გადაიდო, საზოგადოება ფხიზლად უნდა იყოს

ძალიან მზაკვრული ჩანაფიქრია, რადგან მარიხუანას წარმოებისა და ექსპორტის შესახებ პროექტი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა, ის უბრალოდ გადაიდო და საზოგადოება ფხიზლად უნდა იყოს, – განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ირმა ინაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“.

ამ განცხადებით ირმა ინაშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ შესაძლოა, მმართველმა გუნდმა საექსპორტოდ, სამედიცინო დანიშნულებისთვის კანაფის წარმოების შესახებ კანონპროექტის განხილვა დღის წესრიგში აღარ დააყენოს.

„ამჯერად, კანონპროექტი შეაჩერეს, რაც ძალიან კარგია და მივესალმები, მაგრამ ამ ხელისუფლების ფსიქიკიდან და ბუნებიდან გამომდინარე, ძალიან რთულია იმის თქმა, რომ პროექტი დღის წესრიგიდან მოიხსნება. ისინი ამ კანონპროექტის განხილვას კიდევ დაიწყებენ, რადგან ეს ხელისუფლება ძალიან ჯიუტია, სწორხაზოვნად აზროვნებენ, საზოგადოებისა და პოლიტიკური ოპონენტების აზრს არასდროს ითვალისწინებენ და მხოლოდ გიგა ბოკერიას აზრები მოსწონთ“, – განაცხადა ინაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა რისკები რჩება კანონპროექტის მიღმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ ეს ნარკოტიკული საშუალებების თავისუფალი მიმოქცევისა და პირდაპირი პროპაგანდის რისკი, რაც მისი აზრით, მედიასაშუალებებში ხდება.

როგორც პარლამენტის ვიცე-სპიკერმა განაცხადა, „გირჩი“ ამ პოლიტიკას მიზანმიმართულად ახორციელებდა, რომ შემდეგ ხელისუფლებას შემოეტანა მარიხუანას წარმოებისა და ექსპორტის შესახებ კანონპროექტი.

ინაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მოხმარების გამო, ციხეში არ უნდა გაუშვა ადამიანი, რომელმაც ნარკოტიკი ერთხელ მოიხმარა და ნარკოტიკული საშუალებების მუდმივი მომხმარებელი არ არის.

„ეს ასეა, მაგრამ ადამიანი ციხეში რომ არ მიდის, შენ, როგორც სახელმწიფო, რით ეხმარები?! აი, როგორ ეხმარებიან – აბსოლუტურად მოულოდნელად, მეორე კანონპროექტი შემოიტანეს, ისე რომ არც პედაგოგების აზრი ყოფილა გათვალისწინებული, არც ექიმების და არც არავისი. ჩვენი საზოგადოება და სამღვდელოება სწორედ ამიტომ დგას ფეხზე და ყველა ამიტომ ღელავს“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.