ირმა ინაშვილი - მაქვს ეჭვი, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსებაზე ზაზა ოქუაშვილი სიმართლეს არ ამბობს
ირმა ინაშვილი - მაქვს ეჭვი, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსებაზე ზაზა ოქუაშვილი სიმართლეს არ ამბობს

მაქვს ეჭვი, რომ ზაზა ოქუაშვილი სიმართლეს არ ამბობს და კარგი იქნება, თუ სიმართლეს იტყვის, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა, ირმა ინაშვილმა „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნა, თითქოს მისგან ითხოვდნენ „პატრიოტთა ალიანსის“ დაფინანსებას.

“გუშინ „რუსთავი 2“-ის ეთერში ამ მრავალსაათიან გადაცემას ვუყურე. ერთის მხრივ „რუსთავი 2“-ის და „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მოკავშირეები წარმოჩენილნი არიან, როგორც კრისტალური ადამიანები, უმანკოები და წესიერები. ხოლო მეორე მხრივ, ვინც „რუსთავი 2“-ის და „ნაციონალური მოძრაობის“ოპონენტი თუ პოლიტიკური მტერი, მათ შორის მეც, ბოროტ და არაკეთილ ხალხში მოაზრებული ვართ. ვერანაირად გვპატიობთ იმას, რომ პატიმრების წამების ამსახველი კადრები გავავრცელეთ. ეს „რუსთავი 2“-ის და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა და პიარ ხერხია”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

როგორც ირმა ინაშვილმა აღნიშნა, „ომეგას“ საქმესთან დაკავშირებით არანაირ ინფორმაციას არ ფლობს.

„უშუალოდ ნატო ჩხეიძისა და ზაზა ოქუაშვილისგან არ მქონდა ინფორმაცია, რა ხდებოდა. გაუგებარი და გაურკვეველია ჩემთვის. ორი წლის მანძილზე ჩვენ პარლამენტში გვერდიგვერდ ვისხედით და თუ ასეთი რამ ხდებოდა, ამ თემაზე ჩემთან საუბარი თავისუფლად შეეძლო. პირდაპირ და მკაფიოდ ვამბობ, ამ ორი წლის მანძილზე საქართველოს „პატრიოტთა ალიანსს“ მის არც ერთ ღონისძიებაში ფინანსური თანამონაწილეობა ზაზა ოქუაშვილისთვის არ უთხოვია. ჩემთვის გაუგებარია, თუ მე ფინანსური მხარდაჭერა არავისთვის არ მითხოვია, ჩემს მაგივრად ვიღაცამ რატომ სთხოვა ეს ზაზა ოქუაშვილს. მაქვს ეჭვი, რომ ზაზა ოქუაშვილი სიმართლეს არ ამბობს და კარგი იქნება, თუ სიმართლეს იტყვის. აქ მეტი კონკრეტიკა და დეტალებია საჭირო, ზაზა ოქუაშვილს ამასთან დაკავშირებით უფრო მკაფიო და ნათელი განმარტების გაკეთება მოუწევს”, – განაცხადა ირამ ინაშვილმა.