ირმა ინაშვილი - კობახიძემ უნდა იფიქროს, რათა მემუარების წერა სახლში მოუწიოს და არა ციხეში
ირმა ინაშვილი - კობახიძემ უნდა იფიქროს, რათა მემუარების წერა სახლში მოუწიოს და არა ციხეში

ირაკლი კობახიძემ გადასარევად იცის, რომ ჩვენს პარტიას ეკუთვნის წევრი საარჩევნო კომისიებში, მაგრამ ახლა უნდა, ეს წევრი წაგვართვას, რაშიც ცდილობს ინჯიას გამოყენებას, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საარჩევნო კომისიებში წევრი ეკუთვნის იმ პარტიას, რომელმაც მიიღო სრულფასოვანი მონაწილეობა არჩევნებში, თუნდაც გაყალბებული არჩევნების პირობებში.

„ჩემთვის ეს ძალიან სამწუხაროა. იძულებული და ვალდებული რომ არ ვიყო, საერთოდ არ მსიამოვნებს ამ თემაზე საუბარი. ფრიდონ ინჯიას კარგად უნდა ესმოდეს, რომ მას არანაირ შემთხვევაში და გარიგების პირობებში არ ეკუთვნის წევრი საარჩევნო კომისიებში. ჩვენ ვფლობთ ინფორმაციას და ვიცით, რა დისკუსია მიმდინარეობს საპარლამენტო ჯგუფის საქმიანობის ფორმატში. ვიცით, რომ ფრიდონი იჩენს სიწუწკეს და ცდილობს, მიისაკუთროს ჩვენი პარტიის კუთვნილი წევრი საარჩევნო კომისიაში. მართალია, საჯარო განცხადებებში აღნიშნავს, რომ თურმე სურს, საკუთარი წევრი ჰყავდეს საარჩევნო კომისიებში, მაგრამ მას გადასარევად უნდა ესმოდეს, რომ არ ეკუთვნის საარჩევნო კომისიებში წევრი. როცა ითხოვს იმას, რაც არ ეკუთვნის ე.ი. მიდის იმაზე, რომ ეს წევრი ჩვენ წაგვართვას. ეს არის კანონის და კონსტიტუციის უხეში დარღვევა.

საარჩევნო კომისიებში წევრი ეკუთვნის იმ პარტიას, რომელმაც მიიღო სრულფასოვანი მონაწილეობა არჩევნებში და თუნდაც გაყალბებული არჩევნების პირობებში, გადალახა ბარიერი, ეს არის პრეზიდენტ მიშელის შეთანხმებაში. ფრიდონი პარლამენტში აღმოჩნდა იმ ფუნქციით, რომ კობახიძის დავალებები შეასრულოს, რაც სამწუხაროა. ეს პროცესი მეტყველებს მეათე მოწვევის პარლამენტის არასიჯანსაღეზე. მინდა, ვუთხრა კობახიძეს, ბევრი პოლიტიკოსი გვახსენდება, ვინც ღრუბელ-ღრუბელ დაფრინავდა და ზოგი ღრუბელზე მაღლა იყო. ეგონათ, ყველაფერი ასე გაგრძელდებოდა, მაგრამ ამგვარად არ გაგრძელდება. დიდი ხანია, კობახიძემ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა და ასეთი ქმედებები დაუსჯელი არ რჩება. ასეთი პოლიტიკოსები მალე ტოვებენ ხოლმე პოლიტიკას. მინდა, ეს ვუწინასწარმეტყველო, ის მალე აღარ იქნება და უნდა იფიქროს, რომ მემუარების წერა სახლში მოუწიოს და არა სხვაგან, მაგალითად, ციხეში“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.