ირმა ინაშვილი - ხელისუფლების ხელში ჩაგდებას ვერ ეღირსებით, ციხეში კი წახვალთ, ასე გადაეცით დარბაზიდან გაპარულ ბოკერიას
ირმა ინაშვილი - ხელისუფლების ხელში ჩაგდებას ვერ ეღირსებით, ციხეში კი წახვალთ, ასე გადაეცით დარბაზიდან გაპარულ ბოკერიას

ხელისუფლების ხელში ჩაგდებას ვერ ეღირსებით, ციხეში კი წახვალთ, ასე გადაეცით დარბაზიდან გაპარულ ბოკერიას, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, „ევროპული საქართველოს“ წევრებს სურთ, პარლამენტის წევრები გახდნენ მოსამართლეები და პროკურორები, რომ ადგილზე დააკაონ ადამიანები.

„სიამოვნებით დაგაკავებდით ადგილზე, ბატონი ბოკერია რომ გაძვრა დარბაზიდან, მაგრამ თქვენგან განსხვავებით, მე ბოკერიას ვთავაზობ ადვოკატის უფლებას, სამართლიანი სასამართლოს უფლებას და ვთავაზობ, თავი დაიცვან, თუ მართლები არიან, მაგრამ არა ხართ მართალი, საქმე ამაშია“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ამასთან, როგორც „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა აღნიშნა, გიგა ბოკერიასა და მისი გუნდის წევრებს უფლება არ აქვთ, ისაუბრონ დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებზე.

„თქვენ, ​ბოკერიებსა და მისი ჯგუფის წევრებს არ გაქვთ ამის უფლება, თორემ ამაზე რომ ლაპარაკობდეს ლევან გოგიჩაიშვილი და ზაზა პაპუაშვილი, ეს მისაღებია ჩვენთვის. და ვინ გითხრათ, რომ ვაპირებთ მკვლელს ხელი დავაფაროთ, თქვენ ეს დემაგოგია დატოვეთ თქვენი პარტიის ოფისებში. არ ვაპირებთ, რომ მკვლელს დავაფაროთ ხელი, არ ვაპირებთ, რომ იმ პროკურორებს დავაფაროთ ხელი, ვინც გამოვლინდება. თქვენ კი არ გამოავლენთ, არამედ საგამოძიებო ორგანო თუ გამოავლენს, რომ იყო თანამდებობრივი ჩარევა, იმ შემთხვევაში წინ არ აღვუდგებით, რომ დაისაჯონ პროკურორები, გამომძიებლები და ასე შემდეგ.

თქვენ ასეთები ხართ ბუნებით, დასაჭერთა სია შექმენით. საშუალება რომ გქონდეთ, ყველას დაგვხვრეტდით აქ, პირდაპირ დაგვხვრეტდით, მაგრამ დიდი ბედნიერებაა, რომ არ გაქვთ ამის საშუალება, არ მოგეცემათ ამის საშუალება. მკვლელების დასჯაც მოხდება და დანაშაულის გამოძიებაც ოდესმე მაინც მივა ბოლომდე, მაგრამ თქვენ ამ ხელისუფლების ხელში ჩაგდებას ვერ ეღირსებით, ციხეში კი წახვალთ, ასე გადაეცით დარბაზიდან გაპარულ ბოკერიას“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

მისი თქმით, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიაში მუშაობის დროს „ევროპულ საქართველოს“ კონკრეტული მტკიცებულებები არ წარუდგენია, არამედ პირდაპირ წაუყენა ბრალი და დამნაშავედ გამოაცხადა მ.კ.

„რა გააკეთეთ თქვენ, არავითარი კონკრეტული მტკიცებულებები, პირდაპირ ბრალი წაუყენეთ მ.კ-ს და დამნაშავედ გამოაცხადეთ. დამნაშავეა თუ არა მ.კ, ამას გამოძიება დაადგენს. ახლა მე რომ ვიყო მ.კ, წინასწარ, სასამართლოს გარეშე, დამნაშავედ გამოცხადების გამო, აუცილებლად გიჩივლებდით თქვენც და პარლამენტსაც“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა პარლამენტის დეპუტატებს მიმართა, პლენარულ სესიაზე დასამტკიცებლად გამოიტანონ რეზოლუცია, რომელიც სააკაშვილი-ბოკერიას რეჟიმის პოლიტიკურ და სამართლებრივ შეფასებას ითვალისწინებს.