ირმა ინაშვილი - „ფიგაროს“ სტატიის ქართველ დამკვეთებს, სააკაშვილსა და ბოკერიას ვეუბნები: მაგარი საცოდავები ხართ
ირმა ინაშვილი - „ფიგაროს“ სტატიის ქართველ დამკვეთებს, სააკაშვილსა და ბოკერიას ვეუბნები: მაგარი საცოდავები ხართ

მარტივად ვაფასებ ვითარებას – le figaro premium-ის ჟურნალისტის, იზაბელა ლასერის სტატია დაკვეთილია და დაფინანსებულია ჩემი პოლიტიკური მტრების მიერ, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალური ქსელში წერს.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში რამდენიმე უცხოურ გამოცემაში ან დაფინანსებული კომენტარის, ან თითქოსდა სარედაქციო სტატიის სახით, მასზე აბსოლუტურად მცდარი, ცილისმწამებლური სტატიები დაიბეჭდა.

„გავეცანი ჩემს შესახებ le figaro premium-ის სტატიას. შთაბეჭდილება იმდენად მძიმეა და იმდენმა ადამიანმა მომწერა, რომ საჭირო ვთვლი, როგორც ამ პოსტის გამოქვეყნებას, ისე გამოცემის რედაქციისთვის სპეციალური წერილის მიწერას.

პროფესიით ტელე-რადიო ჟურნალისტი ვარ. სწორედ ტელე-რადიო ჟურნალისტიკის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული. მრავალ ევროპულ, თუ ამერიკულ მედიასაშუალებასთან მქონია კოლეგიალური ურთიერთობა და როგორც მახსოვს, პატიოსან ჟურნალისტიკად ითვლებოდა და ითვლება არა რესპონდენტისადმი ზიზღის გამოხატვა, არამედ მისი ქმედებების, მოსაზრებების საღი კრიტიკა. თქვენი დროის ხარჯვად არ ღირს დისკუსია იმაზე, რომ ეს სტატია სრულიად ეწინააღმდეგება ჟურნალისტიკის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და სტანდარტს. მე სულ სხვა ასპექტზე მინდა თქვენი ყურადღების გამახვილება.

ბოლო პერიოდში რამდენიმე უცხოურ გამოცემაში ან დაფინანსებული კომენტარის, ან თითქოსდა სარედაქციო სტატიის სახით, ჩემზე აბსოლუტურად მცდარი, ცილისმწამებლური სტატიები დაიბეჭდა,“ – წერს ინაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

მისი თქმით, აღნიშნული სტატიები დაკვეთილია.

„პირდაპირ ვამბობ, რომ ამ კამპანიას აფინანსებს როგორც სამყაროზე გაბოროტებული სააკაშვილი, ისე ვითომ მასთან დაპირისპირებული ბოკერია.

მარტივად ვაფასებ ვითარებას: le figaro premium-ის ჟურნალისტის იზაბელა ლასერის სტატია დაკვეთილია და დაფინანსებულია ჩემი პოლიტიკური მტრების მიერ:

1) გაავრცელა ტყუილი, თითქოსდა შევიჭერი კონფერენციაზე;

2) გაავრცელა ტყუილი, თითქოსდა კონფერენციაზე მივედი პარტიის აქტივთან ერთად; ყველამ იცის, მარტო მივედი;

3) მაყენებს პირად შეურაცხყოფას; ესაა უმდაბლესი პოზიცია ჟურნალისტიკაში.

ცხადია, მივწერ გამოცემის რედაქციას და ცხადია, ვიმოქმედებ ამ კუთხით, მაგრამ სტატიის ქართველ დამკვეთებს – სააკაშვილსა და ბოკერიას ვეუბნები: მაგარი საცოდავები ხართ. ჩემს წინააღმდეგ დასავლეთში ფულის ხარჯვა დაიწყეთ, ე.ი. გეშინიათ. სწორად გეშინიათ.

p.s. ისე, როცა ჟურნალისტი ხარ (ფრანგი ხარ თუ იაპონელი, სულ ერთია) დაგიკვეთეს სტატია, გადაგიხადეს ფული და წერ, რომ ესა და ეს პოლიტიკოსი ქალი ბაბა იაგაა, სარკეში ყოველი შემთხვევისთვის მაინც უნდა ჩაიხედო“, – წერს ირმა ინაშვილი.